გერმანული პარტია ქრისტიან-დემოკრატიული გაერთიანება (CDU) ინტერნეტში ცოტა ხნის წინ დაცინვისა და კრიტიკის სამიზნედ იქცა. მიზეზი ახალი საიმიჯო ვიდეორგოლი გახდა, რომელიც პარტიამ გავრცელებიდან მალევე წაშალა. თუმცა, მანამდე ვიდეო ბევრმა ინტერნეტმომხმარებელმა ნახა და დაშვებული შეცდომაც შენიშნა — რაიხსტაგის შენობის ნაცვლად, საქართველოს პრეზიდენტის ყოფილი სასახლე (დღეს უკვე სახელმწიფო ცერემონიების სასახლე) იყო ნაჩვენები.
საიმიჯო რგოლით CDU-ს, რომელიც გერმანიაში საპარლამენტო ოპოზიციას წარმოადგენს, ახალი დიზაინის წარდგენა სურდა. ვიდეოში ნაჩვენები იყვნენ პარტიის წარმომადგენელი ყოფილი კანცლერები, მათ შორის, კონრად ადენაუერი და ანგელა მერკელი. თუმცა, დაშვებულმა შეცდომამ სხვა ყველაფერი გადაფარა.
მემარჯვენე პარტიის დაშვებულ შეცდომას კი ოპონენტებიც და რიგითი ინტერნეტმომხმარებლებიც სარკაზმით შეხვდნენ. მაინტერესებს, ხელოვნური ინტელექტი ხომ არ იყო ჩართული ამ საქმეშიო, დაწერა მემარცხენე პოლიტიკოსმა ანკე დომშაიტ-ბერგმა. "დილა მშვიდობისა თბილისიდან", — ამგვარი აღწერით გამოაქვეყნა რაიხსტანგის შენობის ფოტო პარლამენტარმა იულიან პალკემ.
რადგან საქმეს ვიდეოს წაშლითაც ვერ ეშველა, მეორე დღეს CDU-ც გამოეხმაურა ამბავს, თანაც ხუმრობით.
"დიდი მადლობა უამრავი რჩევისთვის. არჩევანის გაკეთება ბევრ გუმბათს შორის მოგვიწია და, საბოლოოდ, სწორი გადაწყვეტილებაც მივიღეთ", — დაწერა პარტიამ სოციალურ ქსელში.