გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოჰან ვადეპული აცხადებს, რომ ბალტიის ზღვაში დივერსიების ფონზე ბალტიის რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერება სურს.

„მიმაჩნია, რომ ბალტიის რეგიონს საზოგადოების მხრიდან ჯერ კიდევ ძალიან ცოტა ყურადღება ექცევა, მსურს, ჩემი უფლებამოსილების ვადის განმავლობაში მეტი ყურადღება მივაპყრო. სიტუაცია არასტაბილურია, ეს აშკარაა“, – განაცხადა ვადეპულმა გერმანულ მედიასთან ინტერვიუში.

ამ კონტექსტში ვადეპულმა ახსენა ბალტიის ქვეყნებსა და სკანდინავიას შორის საკომუნიკაციო კაბელების დაზიანება, ნატო-ს ქვეყნების საჰაერო სივრცის დარღვევის შემთხვევები და რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის მოქმედებები.

„ამგვარად, აშკარაა, რომ ჩვენ რისკის ზონაში ვცხოვრობთ“, – აღნიშნა გერმანელმა მინისტრმა.

ამავე ინტერვიუში იოჰან ვადეპულმა აღნიშნა, რომ უკრაინას აქვს როგორც ევროკავშირში, ისე ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივა.

„ნატო-ში ჩვენ ერთობლივად შევთანხმდით, რომ უკრაინა იმყოფება თავდაცვით ალიანსში გაწევრიანების გზაზე და ეს გზა შეუქცევადია“, – განაცხადა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ამასთან, საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ გერმანიის ახალი კანცლერი ფრიდრიხ მერცი „არჩევამდე საუბრობდა უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების შესაძლებლობაზე მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ“.

წყარო: 1 არხი