გერმანიის ხელისუფლება,ევრო 2024-ის განმავლობაში ივნისსა და ივლისში, კონტრტერორისტული ღონისძიებების ფარგლებში, განახორციელებს კონტროლს მისი საზღვრის ყველა მონაკვეთზე. ამის შესახებ გერმანული მედია ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრ ნენსი ფეზერის განცხადებაზე დაყრდნობით წერს. 

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ასეთი ზომები საჭიროა „აგრესიული კრიმინალების შესაძლო შესვლის პრევენციისთვის“, კერძოდ „ისლამისტების და სხვა ექსტრემისტების“.

მისი თქმით, „ეს აუცილებელია დიდ საერთაშორისო ღონისძიებაზე მაქსიმალური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“.

ევროპული მედია ხაზს უსვამს ფაქტს, რომ გერმანიამ უკვე შემოიღო შემოწმებები აღმოსავლეთ და სამხრეთ საზღვრებზე პოლონეთთან, ჩეხეთთან, ავსტრიასთან და შვეიცარიასთან არალეგალური მიგრანტების ნაკადის შიშის გამო.

„ევრო 2024“ 14 ივნისს გერმანიისა და შოტლანდიის მატჩით დაიწყება. 

გერმანია შენგენის ზონის ნაწილია, რომლის წევრებიც შიდა საზღვრებზე კონტროლს აუქმებენ. თუმცა, საგანგებო მოვლენების შემთხვევაში, ამ კონტროლის დროებით განახლება ნებადართულია.