რუსულმა გაზის კონცერნმა „გაზპრომმა“ სლოვაკეთისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება, მილსადენ „თურქული ნაკადის“ მეშვეობით, თებერვალში დაიწყო, აპრილიდან კი მიწოდების მოცულობას გააორმაგებს. ამის შესახებ სლოვაკეთის გაზის კომპანია SPP-ის ხელმძღვანელმა, ვოიტეხ ფერენცმა განაცხადა. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპანია SPP გაზის უმსხვილესი დისტრიბუტორია სლოვაკეთში.

სლოვაკეთში ბუნებრივი აირის ტრანსპორტირება რუსეთისა და თურქეთის დამაკავშირებელი მილსადენის, „თურქული ნაკადის“ მეშვეობით ხორციელდება. ბოლო დრომდე, რუსული გაზის სლოვაკეთში შეტანა უკრაინის გავლით ხდებოდა. თუმცა, კიევმა გაზის ტრანზიტი ამ წლის დასაწყისში შეწყვიტა, რაც რუსულ მხარესთან გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულების ვადის გასვლამ და რუსულმა აგრესიამ განაპირობა.

SPP-ის სავაჭრო განყოფილების დირექტორმა, მიხალ ლალიკმა განმარტა, რომ მილსადენის გამტარუნარიანობა სამხრეთიდან, ძირითადად, სერბეთისა და უნგრეთის მეშვეობით იზრდება და საჭიროა გრძელვადიანი შეთანხმების გაფორმება SPP-თვის სათანადო სიმძლავრეების გადაცემის შესახებ. მისივე თქმით, უნგრეთიდან შემომავალი მილსადენი სლოვაკეთის მიერ გაზის წლიურ მოხმარებას ვერ გასწვდება, რაც დაახლოებით 4,5 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენს.

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ, იანვარში თურქეთში ვიზიტის დროს, სლოვაკეთში მილსადენ „თურქული ნაკადის“ მეშვეობით რუსული გაზის იმპორტის შესაძლებლობაზე ისაუბრა. თუმცა, მოგვიანებით მან აღნიშნა, ეს სატრანსპორტო მარშრუტი ამჟამად მეტად გადატვირთულია.

აზერბაიჯანიდან სლოვაკეთისთვის გაზის მიწოდების შესაძლებლობას, რაზეც ზოგიერთი პოლიტიკოსი საუბრობს, ლალიკმა „არარეალური“ უწოდა და ამის მიზეზად მისი დაბალი საწარმოო სიმძლავრე დაასახელა. ამასთან, სლოვაკური კომპანიის წარმომადგენლები დარწმუნებულნი არიან, რომ უკრაინის გავლით გაზის ტრანზიტი განახლდება.

ფერენცის თქმით, უკრაინის გავლით გაზის მიწოდების მოსალოდნელ შეწყვეტას SPP მომზადებული შეხვდა: მარაგები შეავსო და გაზის იმპორტზე კონტრაქტები სხვა წყაროებთან გააფორმა. კომპანიამ ადრევე განაცხადა, რომ ეს ალტერნატიული მიწოდება უფრო ძვირია, ვიდრე რუსული გაზი, რასაც, ძირითადად, ტრანზიტის მაღალი საფასური განაპირობებს.

1tv.ge