გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელის თანამდებობაზე წარდგენილმა კაშ პატელმა 2024 წელს რუსული კინოკომპანიისგან 25 ათასი დოლარი მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ „ვაშინგტონ პოსტი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, პატელს კინოკომპანია Global Tree Pictures-მა თანხა გადაუხადა დოკუმენტურ სერიალში მონაწილეობის გამო. იგორ ლოპატონოკის რეჟისორობით გადაღებული 6-სერიან დოკუმენტურ ფილმში, სახელწოდებით „პრეზიდენტის ხალხი: შეთქმულება ტრამპის წინააღმდეგ“, მონაწილეობას იღებენ ტრამპის პირველი პრეზიდენტობის ადმინისტრაციის წევრები. ადმინისტრაციის მაშინდელი თანამშრომლები წარმოდგენილი არიან, როგორც შემთქმულების მსხვერპლნი, რომლებსაც ტრამპის მხარდაჭერის გამო ებრძოდნენ.

„ვაშინგტონ პოსტი“ ასევე წერს, რომ ერთ-ერთ ეპიზოდში პატელი საუბრობს ფედერალური ბიუროს შენობის დახურვაზე და მის „დიფ სთეითის“ მუზეუმად გადაკეთებაზე.

მედიის ინფორმაციით, კომპანია Global Tree Pictures-ი რეჟისორ იგორ ლოპატონოკს ეკუთვნის, რომელიც ამერიკის და რუსეთის ორმაგ მოქალაქეობას ფლობს. კინოკომპანია, რომელიც ლოს ანჯელესში მდებარეობს, ანტიდასავლური რიტორიკით გამოირჩევა. როგორც „ვაშინგტონ პოსტი“ წერს, კომპანიას აქამდე თანხები აქვს მიღებული ფონდისგან, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერაა დაარსებული.

წყარო: 1 არხი