NBA-ის აქტიურ მოთამაშეებს შორის ყველაზე ასაკოვანი ლებრონ ჯეიმსია, რომელსაც დეკემბერში 40 წელი უსრულდება. ამის მიუხედავად, ზედიზედ უკვე მე-11 წელია, NBA-ის ყველაზე მაღალშემოსავლიანი კალათბურთელების რეიტინგს სწორედ Lakers-ის ვარსკვლავი ლიდერობს, რომლის მიერ გამომუშავებული თანხაც, 2024-25 წლების სეზონში, $128.7 მილიონს შეადგენს, მათ შორის $48.7 მილიონს – უშუალოდ ხელფასიდან და ბონუსებიდან.

ამერიკული გამოცემა Forbes-ი ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ყველაზე მაღალანაზღაურებადი კალათბურთელების რეიტინგს უკვე 15 წელია, ყოველწლიურად აქვეყნებს. საინტერესოა, რომ ჯეიმსმა, რეიტინგის ისტორიაში, ყველა დროის მაქსიმუმი გამოიმუშავა და მოხსნა 2022-23 წლების სეზონზე მის მიერვე დაფიქსირებული რეკორდი, $124.5 მილიონი.

უახლესი მონაცემებით, NBA-ის ათი ყველაზე მაღალშემოსავლიანი მოთამაშის კოლექტიური შემოსავალი $787 მილიონს შეადგენს, რაც თითქმის გაორმაგებულია 2014-2015 წლების სეზონის მონაცემებთან შედარებით. წლევანდელი შეფასებით, გაუმჯობესდა 2022 წელს დაფიქსირებული რეკორდიც, როდესაც რეიტინგის ათეულმა ჯამში $751 მილიონი გამოიმუშავა. გასულ წელთან შედარებით უცვლელია რეიტინგის პირველი ხუთეული.

2024-25 წლებში გამომუშავებული კოლექტიური თანხიდან $293 მილიონი მოედანს მიღმა მიღებულ შემოსავალზე მოდის. მაგალითისთვის, Golden State Warriors-ის სტეფ კარიმ, სტადიონს გარეთ, $50 მილიონის გამომუშავება შეძლო, Phoenix Suns-ის კევინ დურანტმა ასევე $50 მილიონის, ხოლო Milwaukee Bucks-ის იანის ანტეტოკუნმპოს მიერ მიღებული თანხა $45 მილიონზე მეტს შეადგენს.

ცნობისთვის, $45 მილიონზე მეტი, Forbes-ის შეფასებით, მოედანს გარეთ მხოლოდ ლიონელ მესის, კრიშტიანუ რონალდუს, გოლფიდან ტაიგერ ვუდსს, რორი მაკილროისა და ბეისბოლიდან შოჰეი შოჰეი ოტანის აქვს გამომუშავებული.

ტრადიციული სპონსორობის გარდა, დღევანდელი NBA-ის მოთამაშეები ყველაზე დიდ მოგებას სათამაშო კონტრაქტებიდან იღებენ. ლიგის სახელფასო ლიმიტი მიმდინარე სეზონზე $140.6 მილიონამდეა. ამას ემატება ფუფუნების საგნების გადასახადზე დაწესებული მკაცრი ჯარიმები. გადასახადის დონე ამჟამად $170.8 მილიონს აღემატება, ეს კი 122%-ით მეტია ათი წლის წინანდელთან შედარებით.

NBA-ის 2024 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი კალათბურთელები:
ლებრონ ჯეიმსი – $128.7მილიონი, Los Angeles Lakers
მოედანზე: $48.7 მილიონი. მოედნის მიღმა: $80 მილიონი.

სტეფ კარი – $105.8 მილიონი, Golden State Warriors
მოედანზე: 55.8 მილიონი. მოედნის მიღმა: $50 მილიონი.

კევინ დურანტი – $99.9 მილიონი, Phoenix Suns
მოედანზე: $49.9 მილიონი. მოედნის მიღმა: $50 მილიონი.

იანის ანტეტოკუნმპო – $93.8 მილიონი, Milwaukee Bucks
მოედანზე: $48.8 მილიონი. მოედნის მიღმა: $45 მილიონი.

დემიან ლილარდი – $64.8 მილიონი, Milwaukee Bucks
მოედანზე: $48.8 მილიონი. მოედნის მიღმა: $16 მილიონი.

ჯოელ ემბიდი – $61.4 მილიონი, Philadelphia 76ers
მოედანზე: $51.4 მილიონი. მოედნის მიღმა: $10 მილიონი.

ჯიმი ბატლერი – $58.8 მილიონი, Miami Heat
მოედანზე: $48.8 მილიონი. მოედნის მიღმა: $10 მილიონი.

დევინ ბუკერი – $58.2 მილიონი, Phoenix Suns
მოედანზე: $49.2 მილიონი. მოედნის მიღმა: $9 მილიონი.

ლუკა დონჩიჩი – $58 მილიონი, Dallas Mavericks
მოედანზე: $43 მილიონი. მოედნის მიღმა: $15 მილიონი.

ბრედლი ბილი – $57.7 მილიონი, Phoenix Suns
მოედანზე: $50.2 მილიონი. მოედნის მიღმა: $7.5 მილიონი.

წყარო: forbes.ge