ჰელსინკის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ფინეთს არ გააჩნია იურისდიქცია, რომ სამართლებრივი დევნა აწარმოოს ბალტიის ზღვაში დაკავებული ნავთობმზიდი ტანკერის, Eagle S-ის კაპიტნის, დავით ვადაჭკორიასა და მისი ორი თანაშემწის წინააღმდეგ.
სამივე მათგანს ბალტიის ზღვაში წყალქვეშა კაბელების გადაჭრაში ედებოდა ბრალი. ამის შესახებ ფინეთის ეროვნულმა პროკურატურამ განცხადება 11 აგვისტოს გაავრცელა. ბრალდების მხარე სასამართლოსგან 2.5-წლიან სასჯელს ითხოვდა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სასამართლომ სრულად დაითხოვა მეზღვაურების წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები და ფინეთის სახელმწიფოს სასამართლო ხარჯების დაფარვა უბრძანა, რამაც ჯამში €195 000 ($228 000) შეადგინა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, იურისდიქცია ეკუთვნის არა ფინეთს, არამედ - დაცვის მხარეს მყოფი პირების მშობლიურ ქვეყნებს, ან - იმ სახელმწიფოს, რომლის დროშის ქვეშაც გემი დაცურავდა.
ცნობისთვის, ფინეთმა ბალტიის ზღვაში ნავთობის გადამზიდი ტანკერი Eagle S გასული წლის 26 დეკემბერს დააკავა. გემს რუსული ნავთობი გადაჰქონდა და ეჭვობდნენ, რომ მან ღუზის ზღვის ფსკერზე გათრევით წყალქვეშა ელექტროსადენი დააზიანა.
მოგვიანებით, ფინეთის პოლიციამ ბალტიის ზღვის ფსკერზე აღმოაჩინა ღუზა, რომელმაც დიდი ალბათობით, წყალქვეშა ელექტრო და ტელეკომუნიკაციის კაბელები დააზიანა.
გამოძიების უფროსმა, რისტო ლოიმ Reuters-ს განუცხადა, რომ სანამ ფინეთი ხომალდს დააკავებდა, არსებობდა საფრთხე, რომ ის მეორე ელექტროსადენ Estlink 1-ს და ასევე BalticConnector-ის ბუნებრივი აირის მილსადენს დააზიანებდა.
"იქნებოდა თითქმის მყისიერი საფრთხე, რომ შესაძლოა დაზიანებულიყო სხვა კაბელები ან მილსადენები, რომლებიც ჩვენს კრიტიკულ წყალქვეშა ინფრასტრუქტურასთანაა კავშირში". - თქვა მან.
ფინეთის გამოძიების ეროვნული ბიუროს თანახმად, დაკავებული ტანკერის ეკიპაჟი 20 პირისგან შედგებოდა, რომლებიც საქართველოსა და ინდოეთის მოქალაქეები არიან. მათ შორის საქართველოს მოქალაქეა გემის კაპიტანიც, დავით ვადაჭკორია.
ვადაჭკორიამ 3 იანვარს Helsingin Sanomat-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ "პასუხი ყველაფერს მოგვიანებით გაეცემა". მისი თქმით, "გამოძიება კვლავ მიმდინარეობს" და დაამატა, რომ შემთხვევა "ჩვეულებრივი საზღვაო ინციდენტი იყო. არც მეტი, არც ნაკლები. ჩვენ პოლიციასთან კარგად ვთანამშრომლობთ".
ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის, Yle-ს თანახმად, Estlink 2-ის მუშაობის შეფერხების დროს ტანკერი წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელის განთავსების ადგილას იყო. ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი გემების გადაადგილების მონიტორინგის ვებგვერდ MarineTraffic-ზე დაყრდნობით წერს, რომ ტანკერი ელექტროსადენთან შესამჩნევად შენელდა, როცა მისი მუშაობა შეწყდა.
ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი გამოცემა Lloyd's List-ზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ტანკერი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დარეგისტრირებულ კომპანიას, Caravella-ს ეკუთვნის და კომპანიის ფლოტის ერთადერთ გემს წარმოადგენს.