ფინეთის სასაზღვრო დაცვამ  რუსეთის ტერიტორიიდან ქვეყანაში ველოსიპედით შესვლის შეზღუდვა დაიწყო. ამის შესახებ რუსეთის ჩრდილო-დასავლეთის საბაჟო ადმინისტრაციის პრესსამსახურში განაცხადეს.

"ჩრდილო-დასავლეთის საბაჟო დეპარტამენტი ადასტურებს, რომ მოპირდაპირე მხარემ შეწყვიტა რუსეთის მოქალაქეების ველოსიპედით გადაადგილება. სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დეტალური ინფორმაცია, რადგან დეპარტამენტს არ მიუღია ოფიციალური დოკუმენტი ფინეთის ხელისუფლებისგან შესაბამისი აკრძალვის შესახებ", - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის: სექტემბრის შუა რიცხვებიდან ფინეთმა რუსეთში რეგისტრირებული ავტომობილების შესვლა აკრძალა. ამ გადაწყვეტილების საფუძველი გახდა ევროკომისიის მიერ 8 სექტემბერს გამოქვეყნებული სასანქციო კანონმდებლობის განმარტებები, რომლის მიხედვითაც, რუსეთში რეგისტრირებული მსუბუქი ავტომობილებით ევროკავშირის ქვეყნებში შესვლა და პირადი საქონლის შეტანა აიკრძალა, რადგან ეს სანქციების გვერდის ავლის საშუალებას იძლეოდა. ამასთან, ფინეთის ხელისუფლება რუსების საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ჩამორთმევის პროცედურას ამარტივებს, ხოლო ზაფხულიდან უძრავი ქონების რუსი მფლობელებისთვის ქვეყანაში შესვლის შეზღუდვები გამკაცრდა.