ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომა შედგა. შეხვედრაზე, რომელსაც კვლავ ბლოკის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი ხელმძღვანელობდა, წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები შეიკრიბნენ.

დღის წესრიგით გათვალისწინებული მთავარი საკითხი უკრაინის სამხედრო დახმარებაა. ევროპელი ლიდერები გაცვლიან მოსაზრებებს უკრაინის თავდაცვის მინისტრ რუსტემ უმეროვსა და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველთან ალექსანდერ კამიშინთან. სხდომას ესწრება ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტეც. სხდომის დაწყებამდე ლიდერებმა უკრაინის მხარდაჭერაზე, რუსეთისგან მომდინარე საფრთხეებსა და ტრანსატლანტიკური თავდაცვის ინდუსტრიის გაძლიერების აუცილებლობაზე ისაუბრეს.

„ნამდვილად მივესალმები აშშ-ის მიერ მიღებულ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას. ხანგრძლივი დისკუსიის შემდეგ პრეზიდენტმა ბაიდენმა უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე  აშშ-ის შორი რადიუსის რაკეტების გამოყენების უფლება მისცა. ეს ძალიან კარგი ამბავია უკრაინელებისთვის. ისინი ამას ითხოვდნენ, ახლა კი აშშ-მა ნებართვა გასცა. ევროპაში ეს ეროვნული კომპეტენციის საკითხია. ზოგი წევრი ქვეყანა ღიად აკეთებს ამას, ზოგი გაცხადების გარეშე. ზოგი საერთოდ არაფერს ამბობს, მაგრამ დარწმუნებული ვარ მიჰყვებიან აშშ-ის მაგალითს და დართავენ უკრაინელებს ნებას, გამოიყენონ მათ მიერ მიწოდებული იარაღი რუსების წინააღმდეგ, რუსეთის ტერიტორიაზე. მათ სწორედ რუსეთის ტერიტორიიდან ესხმიან თავს“, – აცხადებს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი.

„მეტის გაკეთებაა საჭირო. საბედნიეროდ ნატო და ევროკავშირი მჭიდროდ თანამშრომლობენ, რათა მომდევნო თვეების განმავლობაში შეივსოს ტრანსატლანტიკური თავდაცვის ინდუსტრიული ბაზა. თანხა მნიშვნელოვანია. აშკარაა, რომ ალიანსის ევროპულმა მხარემ მიაღწია თავდაცვის ბიუჯეტისთვის მშპ-ს 2%-ის გამოყოფის ნიშნულს. თუმცა, ეს საკმარისი არ არის. თავდაცვაზე მეტი უნდა დავხარჯოთ, რათა აგრესიის შეკავება არა მხოლოდ დღეს, არამედ ხანგრძლივ პერსპექტივაშიც შევძლოთ“, – აღნიშნა NATO-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ.

სხდომის დაწყებამდე გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა ბალტიის ზღვაში სატელეკომუნიკაციო კაბელების დაზიანებაზე ისაუბრა. მისი თქმით, არავის სჯერა, რომ ეს კაბელები შემთხვევით გადაიჭრა.

კითხვაზე პასუხად, თუ რას ფიქრობს იგი გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცსა და ვლადიმერ პუტინს შორის გამართულ სატელეფონო საუბარზე, პისტორიუსმა განაცხადა, რომ „მშვიდობაზე საუბარს აზრი არ აქვს”.

„სატელეფონო საუბარმა დაადასტურა, რომ რუსეთის პრეზიდენტი არაფერზე მოლაპარაკებას არ აპირებს. დროა, გერმანიასა და ევროპის სხვა ქვეყნებში საბოლოოდ ყველა მიხვდეს, რომ მშვიდობაზე საუბარს აზრი არ აქვს. რა თქმა უნდა, ყველას სურს მშვიდობა, მაგრამ არა პუტინს“, – ამბობს გერმანიის თავდაცვის მინისტრი.

გარდა ამისა, ევრონიუსის ინფორმაციით, 19 ნოემბრის სხდომაზე ბლოკის წევრი 17 ქვეყნის თავდაცვის მინისტრი საერთო სამხედრო შესაძლებლობების განვითარების მიზნით შეთანხმებას მოაწერს ხელს.

პროექტი ინტეგრირებულ საჰაერო და სარაკეტო თავდაცვას მოიცავს. ევრონიუსის ცნობების თანახმად, სულ მცირე შვიდი წევრი ქვეყანა, მათ შორის ბელგია და ნიდერლანდები, ევროპული საბრძოლო ხომალდის შემუშავებით არის დაინტერესებული.

წყარო: ევრონიუს ჯორჯია