ევროპელი დიპლომატები გრენლანდიასთან დაკავშირებით დათმობის სანაცვლოდ, აშშ-ისგან უკრაინის საკითხზე გარანტიების მიღების შესაძლებლობაზე საუბრობენ. ამის შესახებ საუბარია „პოლიტიკოს“ სტატიაში, სადაც განხილულია ოთხი თეორიული სცენარი, რომლებითაც დონალდ ტრამპს შეუძლია გრენლანდია მიიღოს.
ევროპელი დიპლომატი გამოცემასთან საუბარში ერთ-ერთ ვარიანტად ასახელებს ევროკავშირის მხრიდან გრენლანდიასთან დაკავშირებით დათმობაზე წასვლას, თუ სანაცვლოდ ევროპა ვაშინგტონისგან უკრაინის უსაფრთხოების უფრო მყარ გარანტიებს მიიღებს.
ევროპელი დიპლომატი, რომლის ვინაობასაც პოლიტიკო არ ამხელს, ასეთ სცენარს უწოდებს „ზომების პაკეტს – უსაფრთხოება უსაფრთხოების სანაცვლოდ“.
სტატიაში ნათქვამია, რომ ეს შესაძლოა „მწარე აბია“, მაგრამ მისი გადაყლაპვა შეიძლება, უფრო იოლი იყოს, ვიდრე ალტერნატივა, რაც ტრამპის გაღიზიანებას გულისხმობს. სტატიის თანახმად, აშშ-ს პრეზიდენტს შეუძლია, სანქციებით უპასუხოს ევროპას, გავიდეს სამშვიდობო მოლაპარაკებებიდან ან რუსეთისთვის უფრო ხელსაყრელი პოზიცია დაიკავოს.