ბრიუსელში ევროპელმა ლიდერებმა 20 მარტს გამართეს სამიტი, რომელზეც ევროპის ხელახალი შეიარაღებისა და უკრაინის მხარდაჭერის საკითხი უნდა გადაჭრილიყო.

მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიანიშნა ევროპას, რომ საკუთარ უსაფრთხოებაზე თავად უნდა იზრუნოს, ბრიუსელში არ წყდება მსჯელობა იმაზე, თუ რისი გაკეთება იქნება შესაძლებელი თავდაცვის ბიუჯეტის გასაზრდელად.

ნატოს დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, სამ ან ხუთ წელიწადში რუსეთს ევროპაზე თავდასხმა კვლავ შეეძლება. ზოგიერთმა ქვეყანამ, მაგალითად, პოლონეთმა და დიდმა ბრიტანეთმა თავდაცვის ხარჯების ზრდა უკვე დაიწყეს.

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ნატოს „ევროპული სვეტის“ იდეის დიდი მხარდამჭერია და ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ თავდაცვის ხარჯების ზრდა წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.

„რაც ხდება ისაა, რომ ნატოს ევროპული ნაწილი ძლიერდება. ჩვენ მეტი მონაწილეობა უნდა მივიღოთ საკუთარ უსაფრთხოებაში, მეტი მონაწილეობა უნდა მივიღოთ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებში და მეტი ავტონომია მივიღოთ იმ გზებში, რომლითაც შევიარაღდებით. ამრიგად, ესაა წინგადადგმული ნაბიჯი, რომელიც არ ასუსტებს ნატოს. მე ამ აზრს ყოველთვის ვიცავდი. ნატოს ევროპული ნაწილი, თავისი არსით, უბრალოდ იმის უკეთ გააზრება და აღიარებაა, რომ ევროპელებმა მეტი უნდა გააკეთონ საკუთარი თავისთვის“, – ამბობს საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი.

სამიტზე ევროპელმა ლიდერებმა განიხილეს უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფის თემაც.

ევროპელი ლიდერები მსჯელობენ იმ გზებზე, რომლებითაც უკრაინისთვის გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველყოფა შეეძლებათ. ამ საკითხზე კომენტარი გააკეთა იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ, რომლის აზრითაც, უკრაინაზე ნატოს მეხუთე მუხლი ნატოში გაწევრების გარეშე უნდა გავრცელდეს.

„ყველა ვეკითხებით საკუთარ თავებს, რა შეიძლება იყოს უსაფრთხოების ყველაზე ეფექტური გარანტიები. ვფიქრობ, რომ ყველა გაჟღერებული წინადადებიდან, რომელიც მოვისმინე, ნატოს მეხუთე მუხლის უკრაინაზე გავრცელება, უკრაინის ნატოში დაუყოვნებლივ შესვლის გარეშე, ყველაზე ეფექტური გამოსავალია გრძელვადიან პერსპექტივაში, ასევე რუსეთის მხრიდან ფარსის გამოსავლენად. თუ რუსეთი არ განიხილავს უკრაინაში მორიგ შეჭრას, რატომ ეწინააღმდეგება უსაფრთხოების გარანტიებს, რომლებიც მხოლოდ თავდაცვითია?“, – ამბობს იტალიის პრემიერ-მინისტრი, ჯორჯია მელონი.

იქამდე, 2 მარტს გამართულ ლონდონის სამიტზე დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა წამოაყენეს ინიციატივა, რომელიც უკრაინისთვის დახმარების მოსურნე ქვეყნების კოალიციის შექმნას ითვალისწინებდა.

ბრიუსელში შეხვედრის შემდეგ ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, რომ „მსურველთა კოალიცია“ უკვე შეიკრა და სამიტი მომდევნო ხუთშაბათს, 27 მარტს გაიმართება.

„მომდევნო ხუთშაბათს პარიზში, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად, „მსურველთა კოალიციის“ სამიტს გავმართავთ. ვასრულებთ მუშაობას უკრაინული არმიის მოკლე დროში მხარდაჭერაზე, უკრაინული არმიის მდგრადი მოდელის დაცვაზე, რითაც რუსეთის თავდასხმებს აიცილებენ და აგრეთვე, უსაფრთხოების გარანტიებზე, რომლებსაც ევროპული არმიები უზრუნველყოფენ“, – ამბობს საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი.

გუშინ, აგრეთვე, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი ინგლისის ნორთვუდში უკრაინასთან დაკავშირებული სამშვიდობო გეგმის მონაწილე კოალიციის სამხედრო ლიდერებს შეხვდა.

ევროპისა და მის ფარგლებს გარეთ ოცზე მეტი ქვეყნის მაღალი რანგის სამხედრო ოფიცერმა შეხვედრა გამართა, რათა განეხილათ უკრაინაში საერთაშორისო სამშვიდობო ძალების განლაგების გეგმები.

“გასულ და წინა უქმეებზე, საერთაშორისო პოლიტიკური ლიდერები შეიკრიბნენ, რათა შეეჯერებინათ პოლიტიკური პოზიციები და კოლექტიურად შეთანხმებულიყვნენ, რომ ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ, რათა ნებისმიერი შეთანხმება რომელიც დაიდება იყოს უზრუნველყოფილი და დაცული. რაც აქ ხდება, ეს არის ამ პოლიტიკური განზრახვის რეალობად ქცევის მცდელობა.

კონცეფციების გეგმებად ჩამოყალიბება, ეს ეხება იმას თუ რა ხდება ზღვაში, ჰაერში თუ საზღვრების დაცვის დროს. ეს გეგმები ახლა რეალური ხდება. მე გარკვეული დეტალების გასარკვევად ამ შეხვედრების მონაწილე რამდენიმე გუნდს შევხვდი. ერთი რამ დანამდვილებით ვიცით, რომ ისეთ შეთანხმებას, რომელსაც არაფერი უმაგრებს ზურგს, პუტინი დაარღვევს.

ჩვენ ეს ვიცით, რადგან ეს წარსულშიც მომხდარა და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს მომავალშიც მოხდება. აქედან გამომდინარე დღეს ჩვენ აქ რასაც ვაკეთებთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის ევროპაში და ასევე ჩვენი ნატოს მოკავშირეებისთვის და, რა თქმა უნდა, გაერთიანებული სამეფოსთვის”,  – განაცხადა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა.

უკრაინის მხარდაჭერის გადაწყვეტილებას, უნგრეთის გარდა, ყველა წევრმა ქვეყანამ მოაწერა ხელი.

წყარო: euronews georgia