ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა ევროკომისიის წინადადებას, სოფლის მეურნეობის რუსული პროდუქციის დარჩენილი ნაწილისთვისაც 50%-იანი საბაჟო გადასახადის დაწესების შესახებ. იგივე ეხება ბელარუსის პროდუქციასაც.
საუბარია იმ პროდუქტებზე, რომლებსაც ევროკავშირი დღემდე არ ბეგრავდა. მათ შორისაა შაქარი, ფქვილი, ძმარი და შინაური პირუტყვის საკვები. ახალი კანონის ამოქმედება ნიშნავს, რომ ევროკავშირის მიერ დაწესებული გადასახადი უკვე სრულად გავრცელდება რუსეთიდან იმპორტირებულ სოფლის მეურნეობის პრუდუქციაზე.
დღევანდელ სხდომაზე ევროპარლამენტმა ხმათა უმრავლესობით, პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტიც, რომლის თანახმად, რუსეთიდან და ბელარუსიდან იმპორტირებული სასუქები 6,5%-იანი საბაჟო გადასახადით დაიბეგრება და ყოველ ტონაზე დამატებითი მოსაკრებელი იქნება 40-45 ევრო.
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა მოსკოვში დღეს, 22 მაისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ევროპელები, როგორც ყოველთვის, განაგრძობენ თავის ფეხებში სროლას“ და შედეგად მოუწევთ უხარისხო აზოტის სასუქების უფრო ძვირად შეძენა.
ევროკავშირმა რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები შეზღუდა 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.