რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ ევროპის ძალებმა ვერ შეძლეს რუსეთის დამარცხება უკრაინაში, მაგრამ ამის მცდელობით საკუთარ თავს მძიმე ეკონომიკური ზიანი მიაყენეს.

„ევროპამ ძალიან გამაკვირვა“, - თქვა მედვედევმა Reuters-თან, TASS-თან და WarGonzo-ს ომის ბლოგერთან ინტერვიუში.

„რადგან ევროპა საკუთარი ქმედებებით ძირს უთხრის თავისი არსებობის საფუძვლებს. ეს უბრალოდ დაუჯერებელია“.

მედვედევმა განაცხადა, რომ ევროპულ ძალებს სურდათ „რუსეთისთვის სტრატეგიული დამარცხების მიყენება“, მაგრამ მათ „ვერაფერს მიაღწიეს“.

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს სურს მისმა ქვეყანამ სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნებს რაც შეიძლება მალე მიაღწიოს. როგორც დიმიტრი მედვედევი აცხადებს, გამარჯვების რამდენიმე პარამეტრი სახეზეა.

„ნათელია, რომ გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანია და ეს უკვე რამდენიმე პარამეტრით ჩანს. მსურს, რომ ეს რაც შეიძლება მალე მოხდეს“, - განაცხადა მედვედევმა.

მისი თქმით, „სამხედრო გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია ფიქრი იმის შესახებ, თუ რა მოხდება ამის შემდეგ“.

„გამარჯვების მიზანი ახალი კონფლიქტების თავიდან აცილებაა. ეს სრულიად ნათელია“, - აღნიშნა რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ.