ვფიქრობ, არსებულ ვითარებაში, იმ გამოწვევების გათვალისწინებით, რის წინაშეც ვდგავართ, ეს მთავარი პრიორიტეტი არ არის, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა აშშ-ის მხრიდან ევროკავშირიდან შესულ საქონელზე საბაჟო ტარიფების შესაძლო დაწესებაზე საუბრისას CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში არსებული სიტუაციის ფონზე, აშშ-სა და ჩინეთს შორის არსებული კონკურენციის პირობებში ევროკავშირისთვის ტარიფების დაწესება პრიორიტეტი არ უნდა იყოს.

„მიუხედავად ამისა, რა არის პრეზიდენტ ტრამპის შეშფოთება? ის ამბობს, არ ვარ კმაყოფილი ევროპასთან დაკავშირებული ვითარებით, რადგან გვაქვს სავაჭრო დეფიციტი. როდესაც არსებულ სიტუაციას უყურებ, ჩემი პირველი შეკითხვა შეერთებულ შტატებთან არის: არის ევროკავშირი თქვენი უპირველესი პრობლემა? არა, მე ასე არ ვფიქრობ. თქვენი პირველი პრობლემა არის ჩინეთი და თქვენ ფოკუსირება უნდა მოახდინოთ ნომერ პირველ პრობლემაზე. ევროპა თქვენი მოკავშირეა და თუ გსურთ ის უფრო მეტად ჩაერთოს ინვესტიციების, თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში, თუ გსურთ მისი განვითარება, რაც, ვფიქრობ, აშშ-ის ინტერესში შედის, არ უნდა დააზიანოთ ევროპის ეკონომიკა ტარიფების მუქარით“, - აღნიშნა მაკრონმა.

მისი თქმით, ევროკავშირიდან შესულ საქონელზე ტარიფების დაწესება თავად აშშ-საც დააზარალებს.

„თუ თქვენ დააწესებთ ტარიფებს ბევრ სექტორზე, ეს გაზრდის ხარჯებს და გამოიწვევს ინფლაციას შეერთებულ შტატებში. კიდევ ერთი, ციფრული სერვისები - ჩვენ ვათ ციფრული სერვისების უზარმაზარი მყიდველები. უსამართლობაა ციფრული სერვისების არ გათვალისწინება სავაჭრო დეფიციტში და იმის თქმა: სავაჭრო დეფიციტი მაქვს, მაგრამ არ ვსაუბრობ ციფრულ სერვისებზე, გააგრძელებთ მის ყიდვას. რატომ?“- აღნიშნა მაკრონმა.

კითხვაზე, ხართ თუ არა მზად, ტრამპის ტარიფებს დაუპირისპირდეთ, საფრანგეთის პრეზიდენტმა უპასუხა: „უკვე დავუპირისპირდი და კვლავ დავუპირისპირდები“.

„ვფიქრობ, რეაგირება უნდა მოვახდინოთ, მაგრამ, უფრო მეტიც, ევროკავშირი მზად უნდა იყოს განახორციელოს ის, რაც ჩვენ გვინდა და რაც გვჭირდება. ვფიქრობ, ევროკავშირი არ უნდა დაელოდოს სხვების ინიციატივას და უბრალოდ რეაგირება მოახდინოს. ის, რაც უნდა გავაკეთოთ, არის, თავად ვიმოქმედოთ და ვუთხრათ ჩვენს ხალხს, რომ ეს არის ჩვენი პროექტი, ეს არის ის, რაც ჩვენ გვინდა. სწორედ ამიტომ, ჩემთვის ევროპის მთავარი პრიორიტეტი არის კონკურენტუნარიანობის დღის წესრიგი, თავდაცვის, უსაფრთხოების დღის წესრიგი, მოდით, სწრაფად ვიმოქმედოთ ჩვენთვის“, - აღნიშნა მაკრონმა.

ipn.ge