ევროკომისიამ მიიღო წინადადება რუსეთიდან და ბელარუსიდან რიგი სასოფლო-სამეურნეო საქონლის, ასევე ზოგიერთი სახის აზოტის სასუქის იმპორტზე ტარიფების დაწესების შესახებ. ევროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოს მიერ აღნიშნული წინადადების დამტკიცების შემთხვევაში რუსეთიდან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტს ტარიფები დაეკისრება.
წინადადების მიზანია რუსეთიდან და ბელარუსიდან იმპორტზე დამოკიდებულების შემცირება. როგორც ევროკომისიაში აცხადებენ, ასეთი იმპორტი, განსაკუთრებით სასუქების, ევროკავშირს მოწყვლადს ხდის რუსეთის მხრიდან პოტენციური იძულებითი ქმედებების მიმართ და, შესაბამისად, წარმოადგენს რისკს ევროკავშირის სასურსათო უსაფრთხოებისთვის.
ამასთან, ბრიუსელში მიიჩნევენ, რომ ტარიფები ხელს შეუწყობს შიდა წარმოებისა და ევროკავშირში სასუქების წარმოების დარგის განვითარებას, ასევე შესაძლებელს გახდის მესამე ქვეყნებიდან მიწოდების დივერსიფიკაციას. ევროკომისიაში ელოდებიან, რომ ტარიფები უარყოფითად იმოქმედებს რუსეთის საექსპორტო შემოსავლებზე და, შესაბამისად, რუსეთის უნარზე, აწარმოოს ომი უკრაინის წინააღმდეგ.
აღსანიშნავია, რომ ახალი ზომები არ ეხება რუსეთიდან და ბელარუსიდან მესამე ქვეყნებში სასოფლო-სამეურნეო პროდუქტისა და სასუქების ტრანზიტს.
ცნობისთვის, 2024 წლის მაისში ევროკავშირმა უკვე დააწესა ტარიფები რუსეთიდან და ბელარუსიდან იმპორტირებულ მარცვლეულსა და ზეთოვან კულტურებზე.