ევროკავშირში ფრენების დაგვიანების რაოდენობა, წინა წლებთან შედარებით, 400%-ზე მეტით გაიზარდა. ამის შესახებ მონაცემებს ევროკავშირის ავიახაზების უმსხვილესი ასოციაცია Airlines for Europe (A4E)-ი აქვეყნებს. ეს უკანასკნელი ევროპული საჰაერო მიმოსვლის 70%-ს შეადგენს.
მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ფრენების შეფერხების მიზეზი ის არის, რომ ევროპის საჰაერო სივრცის სიმძლავრე მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს.
„ავიაკომპანიების მოთხოვნასა და ევროპის საჰაერო სივრცის სიმძლავრეს შორის ნაპრალია, რადგან ევროკავშირმა ვერ უზრუნველყო ადეკვატური საჰაერო სივრცის სიმძლავრე“, - წერს ასოციაცია.
„ეს არ არის მხოლოდ ანგარიში; ეს არის მოწოდება მოქმედებისკენ. ჩვენ გვჭირდება ევროპის საჰაერო სივრცის შესაძლებლობების გაუმჯობესება, მისი ოპერაციების რეფორმირება, რათა ავიაკომპანიებმა უფრო ეფექტური ოპერირება შეძლონ “, - ამბობს A4E-ს მმართველი დირექტორი ურანია გეორგუცაკუ.
შეფერხებების ძირითადი მიზეზი საჰაერო მოძრაობის კონტროლის (ATC) არასაკმარისი სიმძლავრე, ამინდი და სხვა მიზეზებია. გამგზავრების საშუალო დაგვიანება სხვადასხვა მიზეზის გამო 19,03 წუთი იყო თითო რეისზე. აეროპორტის სიმძლავრის პრობლემების გარდა, საჰაერო ნავიგაციის სერვისის პროვაიდერები (ANSP) არ იყვნენ მზად მოძრაობის აღდგენისთვის, სხვები კი დაზარალდნენ ქსელის შეფერხებით. A4E-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ რეისების დაგვიანებაზე საზიანო გავლენა მოახდინა უკრაინაში ომის შედეგებმაც.