ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მე-13 პაკეტი 194 ფიზიკურ და იურიდიულ პირს მოიცავს, - ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს პრესრელიზშია აღნიშნული.
„საბჭომ დღეს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების მეორე წლისთავის გათვალისწინებით, შემაკავებელი ზომების მე-13 პაკეტი მიიღო პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ, მათ მიმართ, ვინც პასუხისმგებელია პუტინის უკანონო, არაპროვოცირებული და გაუმართლებელი აგრესიული ომის გაგრძელებაზე და მნიშვნელოვნად უჭერს მას მხარს. საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, დამატებით 106 ფიზიკური და 88 ორგანიზაციისთვის შემაკავებელი ზომების დაწესებაზე, რომლებიც პასუხისმგებლები არიან უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის ძირის გამოთხრასა და საფრთხის შექმნაზე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ახალი სანქციები ძირითადად ეხება სამხედრო და თავდაცვის სექტორებს და მათთან დაკავშირებულ პირებს - მათ, ვინც ჩართულია ჩრდილოეთ კორეის მიერ რუსეთისთვის შეიარაღების მიწოდებაში, ასევე სასამართლოს წევრებს, ადგილობრივ პოლიტიკოსებს და უკრაინელი ბავშვების უკანონო დეპორტაციაზე პასუხისმგებელ პირებს. პრესრელიზში აღნიშნულია, რომ იმ პირებისა და ორგანიზაციების საერთო რაოდენობამ, რომლებსაც ევროკავშირმა სანქციები დაუწესა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის ძირის გამოთხრისა და საფრთხის შექმნის გამო, ორი ათასს გადააჭარბა.
წყარო: ინტერპრესნიუსი