ევროკავშირის საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები  კიდევ 6 თვით, 2025 წლის 31 იანვრამდე გაახანგრძლივა.

სანქციები ამჟამად, მათ შორის, მოიცავს რუსეთის ეკონომიკური სექტორების წინააღმდეგ მიმართულ ზომებს, რუსეთიდან ევროკავშირში საზღვაო გზით გადატანილი ნედლი ნავთობის იმპორტის აკრძალვასა და EU-ში კრემლის მიერ დასპონსორებული რამდენიმე სადეზინფორმაციო საშუალებისთვის ლიცენზიის შეჩერებას.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე უკრაინაში ომის დაწყების საპასუხოდ ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 14 პაკეტი მიიღო. ამ სანქციების სამიზნე რუსული ეკონომიკის მაღალი ღირებულების სექტორებია, როგორიცაა ენერგეტიკა, ფინანსები და ვაჭრობა. ევროსაბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, მიღებული ზომები რუსეთის მიერ ევროკავშირის სანქციების გვერდით ავლას კიდევ უფრო გაართულებს.

სანქციათა პაკეტი მოიცავს შემზღუდავ ზომებს დამატებით 116 ფიზიკური და იურიდიული პირის მიმართაც, რომლებიც პასუხისმგებლები არიან უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის ძირგამომთხრელ საქმიანობაზე. იზღუდება პარტიების, ფონდების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა თუ მედია-საშუალებების მიერ რუსული დაფინანსების მიღებაც; იკრძალება SWIFT-ის რუსული ანალოგის, რუსეთის ცენტრალური ბანკის სერვისის "ფინანსური შეტყობინებების გადაცემის სისტემის" (SPFS) გამოყენება.