ევროკავშირის საბჭომ და ევროპარლამენტმა შენგენის ზონაში ავტომატური რეგისტრაციის სისტემის ეტაპობრივად ჩაშვების შესახებ წინასწარი შეთანხმება გააფორმეს.
შესვლა/გასვლის სისტემა EES – (Entry/Exit system) შესაძლებელს გახდის, ავტომატურად მოხდეს, შენგენის ზონაში შემსვლელთა და გამსვლელთა რეგისტრაცია, მათ შორის ბიომეტრიული მონაცემების, თითის ანაბეჭდისა და სახის გამოსახულების. ევროკავშირის წევრი ქვეყნების ხელისუფლებებს ექნებათ მუდმივი წვდომა მესამე ქვეყნების მოქალაქეთა პერსონალურ მონაცემებსა და მათი მოგზაურობის ისტორიებზე, ასევე შეძლებენ, გააკონტროლონ, იცავენ თუ არა ისინი დაშვებული პერიოდით ქვეყანაში დაყოვნების ვადებს.
ახალი სისტემა, რომლის დანერგვაც თითოეულ წევრ ქვეყანაში ექვსი თვის განმავლობაში, ეტაპობრივად მოხდება, ჩაანაცვლებს შტამპს, რომელსაც მესაზღვრეები ქვეყანაში შესვლისა და გასვლის დროს პასპორტში სვამდნენ. გარდამავალი პერიოდის განმავლობაში კი გაგრძელდება შტამპის ხელით დასმა. მგზავრთა დიდი ნაკადის შემთხვევაში, გრძელი რიგების თავიდან ასარიდებლად ნებადართული იქნება, ისევ დროებით, ხელით შტამპის დასმაზე გადასვლა.
ევროკავშირში მიაჩნიათ, რომ EES სისტემა მნიშვნელოვნად შეამცირებს საიდენტიფიკაციო მონაცემებთან დაკავშირებული შესაძლო თაღლითობებისა და ქვეყანაში არალეგალურად დარჩენის რისკებს.