ომის სესხის დაფარვა არ არის დაკავშირებული ეკონომიკურ ზრდასთან ან სტაბილიზაციასთან, არამედ სამხედრო გამარჯვებასთან, ამ ფულის დაბრუნებისთვის რუსეთი უნდა დამარცხდეს, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში წერს.
უნგრეთის პრემიერის თქმით, სესხი მის გამცემებს აიძულებს დაინტერესებული იყვნენ კონფლიქტის გაგრძელებითა და ესკალაციით, რადგან დამარცხება ფინანსურ ზარალს ნიშნავს.
„ევროკავშირის ისტორიაში პირველად, 24-მა წევრმა სახელმწიფომ ერთობლივად გამოყო ომის სესხი კავშირის გარეთ მყოფ ქვეყანას. ეს არ არის ტექნიკური დეტალი, არამედ თვისებრივი ცვლილება. სესხის ლოგიკა ნათელია: ვინც ფულს ასესხებს, ის უკან ითხოვს. ამ შემთხვევაში, დაფარვა არ არის დაკავშირებული ეკონომიკურ ზრდასთან ან სტაბილიზაციასთან, არამედ სამხედრო გამარჯვებასთან.
ამ ფულის დაბრუნებისთვის რუსეთი უნდა დამარცხდეს. ეს არ არის მშვიდობის ლოგიკა, არამედ ომის ლოგიკაა. ომის სესხი გარდაუვლად აიძულებს მის დამფინანსებლებს, დაინტერესებულნი იყვნენ კონფლიქტის გაგრძელებითა და ესკალაციით, რადგან დამარცხება ასევე ფინანსურ ზარალს ნიშნავს. ამ მომენტიდან ჩვენ აღარ ვსაუბრობთ მხოლოდ პოლიტიკურ ან მორალურ გადაწყვეტილებებზე, არამედ მკაცრ ფინანსურ შეზღუდვებზე, რომლებიც ევროპას ერთი მიმართულებით უბიძგებს – ომისკენ“, – წერს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი.
ამასთან, ორბანის თქმით, უნგრეთი უარს აცხადებს ამ ინიციატივაში მონაწილეობაზე და ბუდაპეშტი არა ომისკენ, არამედ მშვიდობისკენ ისწრაფვის.
„ბრიუსელის ომის ლოგიკა ძლიერდება. ის არ ნელდება, არ სუსტდება, არამედ ინსტიტუციონალიზებული ხდება. რისკი დღეს უფრო დიდია, ვიდრე ოდესმე, რადგან ომის გაგრძელება ახლა ფინანსურ ინტერესთან არის დაკავშირებული.
უნგრეთი განზრახ არ დგება ამ სახიფათო გზაზე. ჩვენ არ ვმონაწილეობთ ინიციატივებში, რომელთა მონაწილეებიც ომის გახანგრძლივებით არიან დაინტერესებულები. ჩვენ არ ვეძებთ ომისკენ სწრაფ გზას, არამედ მშვიდობისკენ მიმავალ გზას. ეს არ არის იზოლაციონიზმი, არამედ სტრატეგიული, ფხიზელი დამოკიდებულება. ეს უნგრეთის ინტერესებშია და, გრძელვადიან პერსპექტივაში, ევროპის ინტერესებშია“, – წერს ორბანი.