ევროკავშირი 10,6 მლრდ ევროს (11,13 მლრდ დოლარის) ინვესტიციას სატელიტურ ქსელ IRIS2-ის შესაქმნელად განახორციელებს, რომელიც 290 თანამგზავრისგან შედგება და ილონ მასკის Starlink-ის ევროპული ალტერნატივაა.
ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.
IRIS2-ის ქსელი ევროკავშირს დაშიფრული გლობალური ინტერნეტ-კავშირით უზრუნველყოფს. პროექტი მიზნად ისახავს, ილონ მასკის Starlink-ის ევროპული ალტერნატივა შეიქმნას. ამჟამად Starlink-ს 6,000-ზე მეტი თანამგზავრი აქვს და მომხმარებელს 100-მდე ქვეყანაში ემსახურება.
16 დეკემბერს ევროკავშირმა ხელი მოაწერა კონტრაქტებს IRIS2-ზე მუშაობის დასაწყებად, რომელსაც მრავალი ორბიტალური ქსელი ექნება, ხოლო სრულად ფუნქციონალური 2030 წლისთვის გახდება. პროექტი სახელმწიფო და კერძო პარტნიორობის საფუძველზე ხორციელდება.
თავდაცვისა და კოსმოსის საკითხებში ახალმა ევროკომისარმა, ანდრეი კუბილიუსმა ხელმოწერას ევროკავშირის უსაფრთხოებისთვის “მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი” უწოდა, რადგან, მისი თქმით, ევროპა რუსეთის მხრიდან, მათ შორის, სანავიგაციო სიგნალების ჩახშობის საფრთხის წინაშეა.
ევროკავშირის სატელიტური ქსელის მშენებლობაში სამი კომპანია მიიღებს მონაწილეობას, როგორიც არის ლუქსემბურგის SES SA, ფრანგული Eutelsat SA და ესპანური Hispasat SA. პროექტში ევროკავშირი 6 მლრდ ევროს, კერძო კომპანიები 4,1 მლრდ ევროს, ხოლო ევროპის კოსმოსური სააგენტო 550 მლნ ევროს ჩადებს. კონტრაქტი 12 წელს გაგრძელდება და ინვესტიციის ნაწილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან დამტკიცებას დაექვემდებარება.
Bloomberg-ის შეფასებით, IRIS2-ის კონტრაქტი განვითარების საშუალებას მისცემს SES-ის მსგავს კომპანიებს, რომლებიც, Starlink-თან შედარებით, უფრო მაღალი ორბიტის თანამგზავრებს ავითარებენ, ხოლო მათი “მთავარი მომხმარებელი” ევროკავშირია.
SES-სა და სხვა კომპანიებს, ასევე, მიეცემათ უფლება, თავიანთი სერვისების ნაწილი კომერციულ მომხმარებლებზე გაყიდონ, ხოლო თანამგზავრების სიმძლავრის, დაახლოებით, ნახევარი სამთავრობო საჭიროებებისთვის იქნება დარეზერვებული.
წყარო: ბიზნესპრესნიუსი