საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა თქვა, რომ ბლოკი ამზადებს ახალ სანქციებს რუსეთის ეგრეთ წოდებული „ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ მას შემდეგ, რაც ბალტიის ზღვაში დაზიანდა წყალქვეშა ელექტრო კაბელი Eastlink 2 ფინეთსა და ესტონეთს შორის – ამის შესახებ „ევრონიუსი“ წერს.

ევროკომისიის და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენლის ერთობლივ  განცხადებაში ნათქვამია, რომ „ეჭვმიტანილი ხომალდი არის რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ნაწილი, რომელიც საფრთხეს უქმნის უსაფრთხოებასა და გარემოს და ასევე აფინანსებს რუსეთის სამხედრო ბიუჯეტს“.

კაია კალასმა ასევე თქვა, რომ ევროკავშირი აძლიერებს ზომებს წყალქვეშა კაბელების დასაცავად და დასძინა, რომ რეგიონის ელექტროენერგიის მიწოდებას არანაირი საფრთხე არ ემუქრება.