საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ევრობასკეტებზე თავის 34-ე მატჩს ატარებს. მისი მეტოქე ბოსნია-ჰერცეგოვინაა, რომელთან შეხვედრაც 4 სექტემბერს თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი და პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.
ისტორიული მნიშვნელობა:
„ჯვაროსნები“ მეექვსე ევრობასკეტს ატარებენ და ხუთ შემთხვევაში ბოლო ტურში გადაწყდა მათი მომდევნო ეტაპზე გასვლის საკითხი – ორჯერ დადებითად. ჩვენს გუნდს თითო ევრობასკეტზე ორზე მეტი მატჩი ერთხელაც არ მოუგია, ამჯერად კი ისტორიული შედეგის დაფიქსირება შეუძლია – ორი გამარჯვება უკვე აქვს და თუ – ბოსნიას დაამარცხებს, პლეი ოფის საგზურს მოიპოვებს. პლეი ოფი კი მერვედფინალიდან იწყება.
ოღონდ, ჯგუფში რომელ ადგილზე გავა, უკვე დღის ბოლო შეხვედრის, საბერძნეთი-ესპანეთის შედეგზე იქნება დამოკიდებული.
საქართველოს ნაკრებს ბოსნია-ჰერცეგოვინასთან წაგების შემთხვევაშიც რჩება მერვედფინალში გასვლის შანსი. ამისთვის აუცილებელია, საბერძნეთმა ესპანეთი დაამარცხოს, რის შემდეგაც საქართველო და ესპანეთი ჯგუფურ ეტაპს ორ-ორი მოგებით დაასრულებენ და ურთიერთშეხვედრაში ნაჩვენები უკეთესი შედეგის ხარჯზე მეოთხე ადგილზე ჩვენი გუნდი გავა. ესპანეთი და კვიპროსი კი ევრობასკეტს დაემშვიდობებიან. ასე რომ, დღეს ესპანეთიც ჩვენი გულშემატკივარია.
ექვსგუნდიანი ჯგუფიდან მერვედფინალში საუკეთესო ოთხეული გადის და შეხვდება D ჯგუფის წარმომადგენელს: საფრანგეთს, პოლონეთს, ისრაელს ან სლოვენიას. ბელგია და ისლანდია შეჯიბრებას უკვე გამოეთიშნენ.