საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები კვიპროსში ჩაფრინდა. ალექსანდარ ჯიკიჩის გუნდი ლიმასოლში ჩეხეთიდან ჩავიდა, სადაც შეკრების ბოლო ეტაპი გაიარა.
ნაკრები ევრობასკეტის C ჯგუფის მასპინძელ კვიპროსში 12 კალათბურთელით გაემგზავრა, გუნდს კაპიტანი თორნიკე შენგელიაც შეუერთდა. გულის არითმიის გამო მან მოსამზადებელ ეტაპზე ამხანაგური თამაშები გამოტოვა და კვლევებისთვის ესპანეთში გაემგზავრა. შენგელია ვარჯიშს სპეციალური პროგრამით დაიწყებს.
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი შემადგენლობა:
რატი ანდრონიკაშვილი, კამარ ბოლდუინი, გიორგი ოჩხიკიძე, კახა ჯინჭარაძე, დუდა სანაძე, ალექსანდრე ფევაძე, თორნიკე შენგელია, სანდრო მამუკელაშვილი, ბექა ბურჯანაძე, გიორგი კორსანტია, გოგა ბითაძე, გიორგი შერმადინი და ილია ლონდარიძე.
ევრობასკეტზე მხოლოდ 12 კალათბურთელს შეუძლია თამაში, ჯიკიჩმა 27 აგვისტომდე ერთი მოთამაშე განაცხადიდან უნდა ამოიღოს.
ზედიზედ მეექვსე ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრები გამოსვლას 28 აგვისტოს დაიწყებს, პირველი მატჩი ესპანეთთან თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება. ევროპის ჩემპიონატის შეხვედრების პირდაპირ რეპორტაჟებს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.