გამოცემა POLITICO-ს ცნობით, ევროკავშირის ელჩებმა დაამტკიცეს სამართლებრივი მექანიზმი, რომლის საფუძველზეც რუსეთის სახელმწიფო აქტივები ევროპაში შესაძლოა სამუდამოდ გაყინული დარჩეს.

როგორც POLITICO წერს, ევროკავშირის ეს გადაწყვეტილება ძირს უთხრის კრემლის იმედებს, რომ ომის შემდგომი სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში გაყინული თანხები განიბლოკება.

გამოცემა წერს, რომ ევროკავშირმა სამართლებრივი მექანიზმი უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის გვერდის ავლით დაამტკიცა.

ევროკავშირის გადაწყვეტილებას აპროტესტებს უნგრეთი. როგორც უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აცხადებს, ამ გადაწყვეტილებით ბრიუსელი დღეს „რუბიკონს კვეთს“ და ევროკავშირს გამოუსწორებელ ზიანს აყენებს.

დანიის საბჭოს თავმჯდომარეობის განცხადებით, ხუთშაბათს ევროკავშირის ელჩებმა საგანგებო უფლებამოსილება მიანიჭეს ევროკომისიას, რომ რუსეთის სახელმწიფო აქტივები, 210 მილიარდი ევროს ოდენობით, დაბლოკილი იყოს მანამ, სანამ კრემლი უკრაინისთვის ომისშემდგომ რეპარაციებს არ გადაიხდის.