2025 წლის 31 მარტიდან ესტონეთი, უსაფრთხოების რისკების გამო, რუსეთის ფედერაციის მიერ გაცემულ არაბიომეტრულ უცხოურ პასპორტებს აღარ აღიარებს. ეს ინფორმაცია ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ხუთშაბათს, 20 მარტს გაავრცელა.

პირებს, რომლებსაც ესტონეთის ან ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნის ბინადრობის ნებართვა აქვთ და ამჟამად არაბიომეტრულ რუსულ პასპორტს იყენებენ, განაცხადი ბიომეტრული პასპორტის მისაღებად 2025 წლის 30 სექტემბრამდე შეუძლიათ გააკეთონ.

რუსეთი გასცემს როგორც ბიომეტრულ, ასევე არაბიომეტრულ პასპორტებს, თუმცა, ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მიკროჩიპის გარეშე გაცემული პასპორტები სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტს არ შეესაბამება და „უსაფრთხოების სხვადასხვა რისკს წარმოშობს“.

„არაბიომეტრულ საგარეო პასპორტებს არ აქვთ მონაცემთა ელექტრონული მატარებლები, რის გამოც პასპორტის მფლობელის პერსონალური მონაცემების შედარება მიკროჩიპზე არსებულ მონაცემებთან შეუძლებელია“, - ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთის მიერ გაცემული ბიომეტრიული პასპორტისგან განსხვავებით, პასპორტის გამცემი დაწესებულების დადგენა არც ისე ადვილია არაბიომეტრიული პასპორტის შემთხვევაში, რაც ართულებს არაღიარებული დოკუმენტების (ანუ ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაცემული პასპორტების) იდენტიფიცირებას. არაღიარებულ რეგიონებში გაცემული რუსული პასპორტები (მათ შორის, ბიომეტრიული) შენგენის ქვეყნების მიერ, როგორც სამგზავრო დოკუმენტი, არ მიიღება.

როგორც ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო განმარტავს, არაბიომეტრიული რუსული პასპორტები ასევე არ არის აღიარებული ან აღიარებულია პირობითად დანიისა და ჩეხეთის მიერ.

წყარო: 1 არხი