გიორგი მიქაუტაძის დამატება ესპანური ლა ლიგის კლუბს, „ვილიარეალს“ სურს, – ინფორმაციას ფრანგი ჟურნალისტი საშა ტავოლიე ავრცელებს.
„ესპანური „ვილიარეალი“ „ლიონიდან“ 24 წლის ჟორჟ მიქაუტაძის დამატებას ჩქარობს. ოფიციალური შეთავაზება უკვე გაგზავნილია და ფრანგული კლუბი თავდამსხმელს გაყიდის. „ვილიარეალმა“ ამ ზაფხულს ვეიგა, მოლეირო, სანტიაგო მოურინიო, ბიუქენენი, მარინი და პარტეი დაიმატა“, – ამტკიცებს ფრანგი ჟურნალისტი.
ფინანსური კრიზისის გამო „ლიონს“ ლიგა 2-ში დაქვეითება ემუქრებოდა, თუმცა სასჯელი თავიდან აიცილა. მიუხედავად ამისა, კლუბს ჯერ კიდევ აქვს დაახლოებით 40 მილიონ ევრომდე დავალიანება.
ფრანგული მედიის ცნობით, არ არის გამორიცხული, რომ სატრანსფერო „ფანჯრის“ დახურვამდე კლუბი, ქართველ თავდამსხმელთან ერთად, მალიკ ფოფანასაც შეელიოს.