პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ტარიფების ინიციირების შემდეგ აშშ-ის საფონდო ბირჟებზე კომპანიების საბაზრო კაპიტალიზაცია $4 ტრილიონით შემცირდა. საფონდო ინდექსი S&P 500 ერთი თვის წინ, 19 თებერვალს, საკუთარ მაქსიმუმზე იყო, დღეს კი მისი ღირებულება 8.9%-ითაა შემცირებული.
ფინანსური და კაპიტალის ბაზრის ანალიტიკოსების განმარტებით, საფონდო ბირჟებზე კომპანიების აქციათა ფასების მკვეთრი გაუარესება აშშ-ის ახალი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია და, შესაბამისად, ამჟამად ფასების კორექცია მიმდინარეობს. ტრამპის მიერ კანადის, მექსიკისა და ჩინეთისთვის ტარიფების წარდგენამ ინვესტორთა მოლოდინზე უარყოფითად იმოქმედა. Wealth Enhancement-ის მთავარი საინვესტიციო სტრატეგის, აიაკო იოშიოკას განმარტებით, საზოგადოებაში განწყობების მკვეთრი ცვლილება მოხდა და ის, რაც ადრე მუშაობდა, ახლა აღარ მუშაობს.
ამერიკელი ეკონომისტები შიშობენ, რომ მსგავსი სურათის შენარჩუნებამ შესაძლოა, ეკონომიკა რეცესიაში გადაიყვანოს. აღნიშნულ პროგნოზს არ იზიარებს თავად პრეზიდენტი ტრამპი და აცხადებს, რომ მალე თითოეულ ამერიკელს იმდენი ფული ექნება, რომ მისი დახარჯვა გაუჭირდება.
საინტერესოა, რომ აშშ-ის წმინდა ლუისის ფედერალური სარეზერვო ბანკის კვლევის თანახმად, აშშ-ის მოსახლეობის სიმდიდრით ყველაზე დაბალი ფენა, ანუ ქვედა 50% კაპიტალის ბაზრების მხოლოდ 1%-ს ფლობს, ხოლო ყველაზე მდიდარი ანუ ზედა 1% კი 50%-ს. შესაბამისად, მოკლევადიან პერსპექტივაში ბაზრის კორექცია ქვეყნის უმდიდრესი ადამიანების ქონებაზე უარყოფითად აისახება, თუმცა გრძელვადიან პერიოდში მას გავლენა ქვეყნის მოსახლეობის განურჩევლად ყველა ფენაზე ექნება.