ამერიკელმა მებრძოლმა, კორი სენდჰეგენმა პრესეკონფერენციაზე UFC-ს სუპერმსუბუქ დივიზიონში მერაბ დვალიშვილთან გასამართი საჩემპიონო ბრძოლის შესახებ ისაუბრა.
„ამ შეხვედრისთვის მზადების პროცესი განსხვავებულად წარიმართა, რადგან ქამრისთვის ვიბრძვი. ჩვეულებრივთან შედარებით, ჩემს მწვრთნელებს ჩემგან გაცილებით მეტი მოეთხოვებოდათ და შესაბამისად მეც უფრო ინტენსიურად ვიმუშავე. მთლიანობაში, მომზადებით კმაყოფილი ვარ.
მერაბთან დაპირისპირება ჩემთვის ორმაგად საინტერესოა, მას საჩემპიონო ქამარი აქვს და ბევრის აზრით, მსოფლიოში საუკეთესოა. დვალიშვილი ამბობს, რომ დგომში აპირებს ჩემთან დაპირისპირებას? ყველას აქვს რაღაც გეგმა, იქამდე სანამ დარტყმას მიიღებენ.
ჩემთვის ჩემპიონობა უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია და დამატებით მოტივაციას მაძლევს ისიც, რომ ამ ეტაპზე აშშ-ს მამაკაცთა შორის მოქმედი ჩემპიონი არ ჰყავს“, – განაცხადა სენდჰეგენმა.
34 წლის ქართველი მებრძოლი კორი სენდჰეგენს 5 ოქტომბერს ლას ვეგასში შეხვდება. დვალიშვილს UFC-ში ზედიზედ 13 შეხვედრა აქვს მოგებული. მან სუპერმსუბუქი (61კგ) დივიზიონის ქამარი 2024 წლის სექტემბერში შონ ო’მალის დამარცხების შემდეგ მოიპოვა, ხოლო მიმდინარე წელს ტიტული ორჯერ დაიცვა.
სენდჰეგენთან გამარჯვების შემთხვევაში, ქართველი ალჯამეინ სტერლინგს გაუთანაბრდება, რომელმაც აღნიშნულ წონაში ქამრის დაცვა სამჯერ მოახერხა, რაც სარეკორდო მაჩვენებელია.