აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაასახელა რამდენიმე ინვესტორი, რომლებიც მონაწილეობენ TikTok-ის ამერიკული სეგმენტის თაობაზე გარიგებაში. მათ შორის არიან Oracle-ის თანადამფუძნებელი ლარი ელისონი, Dell-ის აღმასრულებელი დირექტორი მაიკლ დელი და 21st Century Fox-ის დამფუძნებელი ლახლან მერდოკი, News Corp-ის დამფუძნებელი რუპერტ მერდოკის ვაჟი.

ტრამპმა დასძინა, რომ გარიგება „უზარმაზარ“ თანხას მოიცავს.

Reuters-ის ცნობით, აშშ-სა და TikTok-ის მფლობელს, ჩინურ ByteDance-ს შორის გაფორმებული შეთანხმების პროექტი ითვალისწინებს პლატფორმის ამერიკული აქტივების გადაცემას აშშ-ის ინვესტორების კონტროლქვეშ და მონაცემთა დაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების რიგ ზომებს.

აშშ-ის მომხმარებლის ყველა მონაცემი შეინახება აშშ-ის ღრუბლოვან ინფრასტრუქტურაში, რომელსაც Oracle მართავს. TikTok-ის რეკომენდაციების ალგორითმი „დაცული და გადამზადებული იქნება და შეერთებულ შტატებში იმუშავებს ByteDance-ის კონტროლის გარეთ“.

აშშ-ში TikTok-ის აქტივები გადაეცემა აშშ-ის ინვესტორებს და მათ შვიდკაციანი დირექტორთა საბჭო მართავს. ByteDance-ს შეეძლება ერთი წევრის დანიშვნა და აქციების 20%-ზე ნაკლების შენარჩუნება. ეს ზომები მიზნად ისახავს მონაცემებზე კონტროლის უზრუნველყოფას და ეროვნული უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების აუცილებელ ნებართვებზე წვდომას.

გასული წლის გაზაფხულზე აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა კანონმდებლობა, რომელიც ქვეყანაში TikTok-ის დაბლოკვას ითვალისწინებდა, თუ ის მისი მშობელი კომპანიის, ByteDance-ისგან არ გამოიყოფა. დონალდ ტრამპმა გაყიდვის ვადა რამდენჯერმე გაახანგრძლივა. 16 სექტემბერს მან დამატებითი დეტალების გარეშე გამოაცხადა, რომ ჩინურ მხარესთან შეთანხმებას მიაღწია TikTok-ის თაობაზე გარიგების შესახებ.

radiotavisupleba.ge