ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ დახურა უწყებათშორისი სამუშაო ჯგუფი, რომელიც რუსეთზე ზეწოლის სტრატეგიებზე მუშაობდა უკრაინასთან მშვიდობიანი მოლაპარაკებების დაჩქარების მიზნით. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ სამ ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ცნობით, სამუშაო ჯგუფი გაზაფხულზე შეიქმნა, როდესაც ტრამპის განცხადებები კრემლის მიმართ კრიტიკული იყო. „როიტერი“ აღნიშნავს, რომ ჯგუფი განიხილავდა, თუ როგორ შეეძლო აშშ-ს, წაეხალისებინა ან ზეწოლა მოეხდინა პოსტსაბჭოთა. აღმოსავლეთ ევროპისა და აზიის ქვეყნებზე, რათა შეზღუდულიყო საქონლისა და ენერგორესურსების მიწოდება როგორც რუსეთიდან ექსპორტის, ისე იმპორტის მხრივაც.
როგორც „როიტერი“ წერს, ტრამპის მხრიდან კრემლის მიმართ დამოკიდებულების შეცვლის გამო ჯგუფი სულ უფრო მეტად კარგავდა მნიშვნელობას.
„ბოლოს ის შეჩერდა, რადგან პრეზიდენტი ამ ჯგუფს მხარს არ უჭერდა“, – აღნიშნა ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა.
მედიის ცნობით, ამ სამუშაო ჯგუფის არსებობა ადრე გამჟღავნებული არ იყო. წყაროები ამტკიცებენ, რომ საბოლოო დარტყმა იყო რამდენიმე კვირის წინ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წევრების უმეტესობის, მათ შორის უკრაინაში ომის საკითხზე მომუშავე მთელი გუნდის გათავისუფლება, რომელიც ფართომასშტაბიანი წმენდის ფარგლებში მოხდა.
„როიტერის“ ცნობით, უცნობია, იცოდა თუ არა თავად დონალდ ტრამპმა ამ ჯგუფის შექმნის ან დაშლის შესახებ.