ჩვენ არც უიმედოდ უნდა ვიყოთ და არც ზედმეტი იმედები უნდა დავამყაროთ 20 იანვრის შემდგომ პერიოდზე. გახსოვთ ტრამპის ორი მთავარი დაპირება. ორივე დაპირების შინაარსი საქართველოს აწყობს, ჩვენ გვაწყობს. ერთია ომის დამთავრება, სადაც ბუნებრივად ქრება საქართველოს მეორე ფრონტად ქცევის ინტერესი და მეორე – „დიფ სთეითის“ დამარცხება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, ე.წ. დიფ სთეითზე საუბრობენ ამერიკელი კოლეგები და პარტნიორები, განსაკუთრებით მომავალი ადმინისტრაციის ლიდერები და ეს ნიშნავს აშშ-ის ბიუროკრატიაში ჩაბუდებულ არაფორმალურ გავლენებს.

მამუკა მდინარაძის განმარტებით, ტრამპი თუ დაამარცხებს არაფორმალურ გავლენებს აშშ-ის ბიუროკრატიაში, საქართველოზე წნეხი ნებისმიერი მიმართულებით იხსნება.

„არაფორმალურ მმართველობაზე როცა მიგვითითებდნენ ხოლმე – ამ დროს, ბიძინა ივანიშვილი პარტიის საპატიო თავმჯდომარეა შესაბამისი უფლებამოსილებით, მაგალითად, პრემიერ-მინისტრის პოლიტსაბჭოსთვის წარდგენის უფლებამოსილებით, რომელ არაფორმალურ მმართველობაზეა საუბარი – აღმოჩნდა, თურმე მაგალითად „ჰილი“, ძალიან გავლენიანი გამოცემა თავად წერს, რომ ომის პარტიად იქცა მოქმედი ადმინისტრაცია. ომის პარტიას ჩვენ რომ ვამბობდით, გლობალურს ვამატებდით მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ხალხს გაერჩია, ვინ იყო ადგილობრივი, ლოკალური ომის პარტია – „ნაცმოძრაობა“ და მის კლასტერი, აგენტურა. გლობალური ომის პარტია – გარეთ მოქმედი დავალების მიმცემები. როცა არის ე.წ. დიფ სთეითზე საუბარი, რაზეც საუბრობენ ჩვენი ამერიკელი კოლეგები და პარტნიორები, განსაკუთრებით მომავალი ადმინისტრაციის ლიდერები, ეს ნიშნავს თავად ბიუროკრატიაში ჩაბუდებულ არაფორმალურ გავლენებს. ბიუროკრატიაში ჩაბუდებულ არაფორმალურ ოლიგარქიულ გავლენებს, მაგრამ ამისი ავტორები, ვის გავლენებზეცაა საუბარი, პირობითად თუ არაპირობითად შეგვიძლია მოვიხსენიოთ გლობალური ომის პარტიად ან გლობალური ომის ძალებად და ა.შ. ჩვენ რომ გაღმა და გამოღმა გვედავებოდნენ, თურმე თავად ჩვენზე გაცილებით ძლიერ და დიდ სახელმწიფოში ყოფილა არაფორმალური გავლენები, არაფორმალური მმართველობა და ამას თავად ამერიკელები აღიარებენ დღეს. ბევრი საუბარი მიდის, უამრავი ინტერვიუ იქნა მიცემული, მათ შორის მასკი ბოლო დროს რა ინტერვიუებს იძლევა, თავად ტრამპის სხვა თანამოაზრეები და გუნდის წევრები როგორ პოზიციონირებენ ამ საკითხთან დაკავშირებით.

მთავარი – ჩვენი ქვეყნის პოზიციონირება დამოკიდებული იქნება 20 იანვრის შემდეგ იმ მოვლენებზე, რამდენად შეძლებს დონალდ ტრამპი თავისი დაპირებების შესრულებას. პირველი – რამდენად შეძლებს, გავლენა მოახდინოს იმაზე, რომ დასრულდეს ომი, ამ შემთხვევაში ბუნებრივად ქრება ინტერესი საქართველოს მიმართ მის მეორე ფრონტად ქცევასთან დაკავშირებით. მეორე – როგორ დაამარცხებს ის ამ არაფორმალურ გავლენებს აშშ-ის ბიუროკრატიაში. ის თუ შეძლებს, მთლიანად ამოძირკვოს და დაამარცხოს, შესაბამისად, ჩვენზე წნეხი ნებისმიერი მიმართულებით იხსნება. მაგრამ სამწუხაროდ, თუ ეს ვერ მოხდა, მაშინ ბუნებრივია, ტურბულენტობა გაგრძელდება. აქ პიროვნებაზე კი არ არის დამოკიდებული, ვიღაცას მოსწონს ტრამპი, ან არ მოსოწნს, ან მას მოვწონვართ ჩვენ თუ არ მოვწონვართ, დამოკიდებულია იმაზე, ის რამდენად შეძლებს თავისი დაპირების შესრულებას, რომ „დიფ სთეითი“, შესაბამისი არაფორმალური გავლენები სახელმწიფო ბიუროკრატიაზე შეამციროს ან საერთოდ ამოძირკვოს. ამ შემთხვევაში საქართველოსთან დამოკიდებულება აბსოლუტურად შეიცვლება, მაგრამ თუ ეს გართულდა, რაც უფრო გართულდება, რაც უფრო ვერ შესრულდება ეს პირობა, მით უფრო რთულად გვექნება ბევრი რაღაც გადასატანი. იმ შემთხვევაშიც კი, როცა ეს მექანიზმი მძლავრად მუშაობს, გნებავთ გლობალური ომის ძალებს, გნებავთ ომის პარტიას, ლოკალურს თუ გლობალურს, თავისი გავლენები აქვს და ამ გავლენებით, ე.წ. დიფ სთეითის გავლით წნეხი აქვს საქართველოზე, შეიძლება, ეს გაგრძელდეს რაღაც ფორმით,  ჩვენ ამას ვუმკლავდებით დღესაც, ხვალაც გავუმკლავდებით, მაგრამ დამოკიდებული იქნება იმაზე, არაფორმალური გავლენები რამდენად შესუსტდება. რაც უფრო შესუსტდება, მით უფრო ძლიერად იქნება ჩვენი ქვეყანა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

1tv.ge