დონალდ ტრამპმა, შესაძლოა, ნატო-ს სამიტი გამოტოვოს, თუ წევრი სახელმწიფოების თავდაცვის ხარჯები არ გაიზრდება, – ამის შესახებ გამოცემა „შპიგელი“ წერს.
როგორც გამოცემა წერს, ნატო-ში აშშ-ის ახალმა ელჩმა, მეთიუ ვიტაკერმა, სავარაუდოდ, გერმანულ მხარეს განუცხადა, რომ დონალდ ტრამპი, შესაძლოა, არ დაესწროს ალიანსის მომავალ სამიტს, თუ წევრი სახელმწიფოები თავდაცვის ხარჯების გაზრდის შესახებ არ გამოაცხადებენ.
შპიგელის წყაროების ინფორმაციით, ვიტაკერი ყველა შეხვედრაზე ხაზს უსვამს აშშ-ის ადმინისტრაციის მოთხოვნას, რომ წევრმა სახელმწიფოებმა აიღონ ვალდებულება, დახარჯონ მშპ-ის 5% თავდაცვაზე.
„თავიდან გერმანელებს სჯეროდათ, რომ ამერიკელები ამ ხუთ პროცენტზე სერიოზულად არ საუბრობდნენ, რომ ეს მხოლოდ მოლაპარაკებების ტაქტიკა იყო. ახლა მათ ვიტაკერის სიტყვის სჯერათ, მაშინაც კი, როდესაც ის ამბობს, რომ ტრამპი არ ჩამოვა ივნისის სამიტზე, თუ ამ დრომდე ნატო-ს სხვა ქვეყნები არ შეცვლიან თავიანთ პოზიციას“, – წერს გამოცემა.
როგორც ცნობილია, დონალდ ტრამპი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ნატო-ს მოკავშირეებისგან ითხოვს, თავდაცვის ხარჯები, სულ მცირე, მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ. ამასთან, აპრილის დასაწყისში პოლონეთმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპისგან მიიღო დადასტურება 2025 წლის ივნისში დაგეგმილ სამიტში მისი მონაწილეობის შესახებ. როგორც „შპიგელი“ წერს, მოსალოდნელია, რომ სამიტს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დაესწრება.
წყარო: 1არხი