აშშ-ის 42-ე პრეზიდენტმა, ბილ კლინტონმა დემოკრატიული პარტიის ეროვნულ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი მხოლოდ საკუთარ თავზე საუბრობს და ამბობს, „მე, მე, მე“, ხოლო დემოკრატიული პარტიის კანდიდატი კამალა ჰარისი ხალხზე ფიქრობს და ხშირად ამბობს: „თქვენ, თქვენ, თქვენ“.

კლინტონმა კამალა ჰარისი შეაქო და აღნიშნა, რომ რესპუბლიკელი საპრეზიდენტო კანდიდატი, დონალდ ტრამპი მხოლოდ საკუთარ თავზე საუბრობს.

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის თქმით, შეერთებული შტატები ნოემბერში მკაფიო არჩევანის წინაშე დადგება.

„როგორც ვხედავ, 2024 წელს საკმაოდ მკაფიო არჩევანი გვექნება. კამალა ჰარისი ხალხისთვის და მეორე კაცი, რომელიც არის „მე, მე, მე“. კამალა ჰარისი იმუშავებს ჩვენი პრობლემების გადასაჭრელად, გამოიყენებს ჩვენს შესაძლებლობებს, შეამსუბუქებს ჩვენს შიშებს და უზრუნველყოფს, რომ თითოეულ ამერიკელს, მიუხედავად იმისა, თუ ვის მისცემს ხმას, ჰქონდეს ოცნებების ასრულების შანსი. კამალა ჰარისი არის ერთადერთი კანდიდატი ამ რბოლაში, რომელსაც აქვს ხედვა, გამოცდილება, ტემპერამენტი, ნებისყოფა და დიახ, დიდი სურვილი, რომ რაღაც გააკეთოს. შეხედეთ, რას აკეთებს მისი ოპონენტი, ის ძირითადად საკუთარ თავზე საუბრობს. როცა მას მოუსმენთ, ნუ დაითვლით ტყუილებს, დაითვალეთ „მე“. ის ამბობს: „მე, მე, მე, მე, მე, მე“. როცა კამალა ჰარისი იქნება პრეზიდენტი, ყოველი დღე დაიწყება ასე: „თქვენ, თქვენ, თქვენ, თქვენ, თქვენ“, – განაცხადა ბილ კლინტონმა.

პირველი არხი