თეთრ სახლში აცხადებენ, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოზიცია უცვლელია და შეერთებული შტატები არ აპირებს ჩინურ საქონელზე ტარიფების ცალმხრივად შემცირებას პეკინის მხრიდან დათმობების გარეშე. ეს განცხადება თეთრი სახლის პრესსპიკერმა, ქეროლაინ ლევიტმა მას შემდეგ გააკეთა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა არ გამორიცხა შესაძლებლობა, ჩინეთის წინააღმდეგ დაწესებული 145%-იანი ტარიფები 80%-მდე შემცირდეს. ამის შესახებ მან საკუთარ სოციალურ ქსელში დაწერა. ტრამპის ეს განცხადება იმ ფონზე გავრცელდა, როდესაც აშშ და ჩინეთი ტარიფების შესახებ შვეიცარიაში მოლაპარაკებების გამართვისთვის ემზადებიან.

„პრეზიდენტი კვლავ რჩება თავის პოზიციაზე, რომ ის არ აპირებს ჩინეთის წინააღმდეგ დაწესებული ტარიფების ცალმხრივად შემცირებას. ჩვენ უნდა ვნახოთ დათმობები მათგანაც. და კვლავ, ეს არის ნაწილი მიზეზისა, რის გამოც მდივანი ბესენტი მიდის თავის ჩინელ კოლეგებთან სასაუბროდ შაბათ-კვირას, რათა დაიწყოს ეს დისკუსიები პირადად. რაც შეეხება 80%-ს, ეს იყო რიცხვი, რომელიც პრეზიდენტმა წარადგინა. ვნახოთ, რა მოხდება ამ შაბათ-კვირას“,​​​​​​​​​​​​​ – განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა.

ცნობისთვის, აშშ-ის ხაზინის მდივანი სკოტ ბესენტი და ვაშინგტონის მთავარი სავაჭრო მომლაპარაკებელი ჯეიმისონ გრირი შვეიცარიაში შეხვდებიან ჩინეთის წარმომადგენელ ხე ლიფენგს.