ასმა ასადი: დიდ ბრიტანეთში არ სურთ, რომ ლონდონში დაბადებული სირიის პირველი ლედი ქვეყანაში ჩამოვიდეს
ბრიტანული წარმოშობის სირიის ყოფილი პირველი ლედი, ასმა ასადი, რომელიც ოდესღაც ცნობილი იყო, როგორც ქალთა უფლებების დამცველი ახლო აღმოსავლეთში, მეუღლესთან ერთად ემიგრაციაში გაიქცა და როგორც ბრიტანელი ოფიციალური პირები აცხადებენ, ლონდონში მისი დაბრუნება მიზანშეწონილი არ არის. 49 წლის ასმა ასადმა, მისმა ქმარმა და სამმა შვილმა მოსკოვს მას შემდეგ შეაფარეს თავი, რაც აჯანყებულებმა ბაშარ ასადი ხელისუფლებას ჩამოაშორეს. ბრიტანელი ოფიციალური პირების პოზიციის შესახებ ინფორმაციას რუსეთის სამთავრობო მედია ავრცელებს, თუმცა თავად კრემლს აღნიშნული ინფორმაცია არ დაუდასტურებია. ეს კიდევ ერთი დარტყმაა იმ ქალის ისედაც განადგურებულ რეპუტაციაზე, რომლის გლამური და ხიბლი წარსულში სირიის მთავრობის მთავარ აქტივად მიიჩნეოდა. ასმა ასადი ლონდონში 1975 წელს დაიბადა და ცხოვრების ნახევარი დიდ ბრიტანეთში გაატარა. მისი მშობლები ამჟამადაც დედაქალაქის დასავლეთ ნაწილში ცხოვრობენ.
ასმამ ბრიტანეთის მოქალაქეობა დღემდე შეინარჩუნა, მაგრამ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ლემიმ ორშაბათს, 9 დეკემბერს განაცხადა, რომ ქვეყანაში მისი ხილვა აღარ სურთ და, შესაძლოა, სირიის ყოფილმა პირველმა ლედიმ მალე ბრიტანეთის პასპორტი დაკარგოს. „ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში საუბრობენ იმაზე, რომ ასმა ასადი ბრიტანეთის მოქალაქეა, რომელიც შეიძლება ჩვენს ქვეყანაში ჩამოსვლას შეეცადოს. მინდა დავადასტურო, რომ ის სანქციების ქვეშ იმყოფება და აქ, დიდ ბრიტანეთში, მის ჩამოსვლას არ მიესალმებიან“, - აღნიშნა ლემიმ პარლამენტში გამოსვლისას. ასმა ასადის აქტივები დიდ ბრიტანეთში 2012 წლის მარტში, მისი მეუღლის მმართველობის წინააღმდეგ მიმართული მზარდი პროტესტის ფონზე, ევროპული სანქციების ფარგლებში გაიყინა. ლონდონმა ეს სანქციები „ბრექსიტის“ შემდეგაც შეინარჩუნა. „დიდმა ბრიტანეთმა ასმა ასადს მოქალაქეობა თუნდაც „ისლამურ სახელმწიფოში“ („დაეში“) გაწევრიანების გამო უნდა გაუუქმოს“, - განუცხადა სააგენტო „ფრანს პრესს“ ანალიტიკური ცენტრის, „ჩეთემ ჰაუსის“ მკვლევარმა, ბადერ მუსა ალ-საიფმა.
„თუკი შეიძლება, რომ ეს ექსტრემისტულ ბანაკში მყოფ ნებისმიერ ადამიანს შეეხოს, მაშინ ვფიქრობ, რომ იგივე, თუ მეტი არა, შეიძლება მოხდეს ასმა ასადის შემთხვევაშიც“, - დასძინა მან. თუმცა, პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა ორშაბათს აღნიშნა, რომ „ასეთ ზომებზე მსჯელობა ჯერ ძალიან ადრეა“, ხოლო მინისტრმა პეტ მაკფადენმა BBC-ს განუცხადა, რომ ბრიტანეთის ხელისუფლებას სირიის ყოფილ პირველ ლედისთან არანაირი კონტაქტი არ ჰქონია.
გზა დამასკოსკენ
ასმა ასადი, სირიელების - კარდიოლოგი მამის, ფავაზ ალ-ახრასისა და გადამდგარი დიპლომატის, საჰარ ოტრის - ოჯახში დაიბადა. ის დასავლეთ ლონდონში, აკტონის უბანში გაიზარდა, სადაც ახრასები დღემდე ცხოვრობენ, თუმცა ზოგიერთმა ბრიტანულმა მედიასაშუალებამ ორშაბათს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისინი, სავარაუდოდ, რუსეთში თავის ქალიშვილთან გაფრინდნენ. ასმა ასადი, რომელსაც ემას ეძახდნენ, ადგილობრივ დაწყებით სკოლაში, შემდეგ კი პრესტიჟულ Queen's College-ში სწავლობდა. მოგვიანებით მან დაამთავრა ლონდონის უნივერსიტეტი კომპიუტერული მეცნიერებისა და ფრანგული ლიტერატურის განხრით, შემდეგ კი „დოიჩე ბანკსა“ და „ჯ.პ „მორგანში“ ფინანსური საქმიანობას ეწეოდა.
სწორედ ამ სამსახურში გაიცნო მან ბაშარ ასადი 90-იანი წლების ბოლოს და წყვილი რამდენიმე თვეში დაქორწინდა მას შემდეგ, რაც 2000 წლის ივლისში ბაშარმა სირიის პრეზიდენტის პოსტზე თავისი მამა, ჰაფეზი შეცვალა. მათ ორი ზრდასრული ვაჟი და ქალიშვილი ჰყავთ, რომელთაგან უფროსმა ახლახან მოსკოვის უნივერსიტეტის მათემატიკის ფაკულტეტი დაამთავრა. მაისში სირიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ასმას ლეიკემია ჰქონდა, 2018-2019 წლებში კი ძუძუს კიბოს მკურნალობის კურსი გაიარა.
„ომით გამდიდრებულები“
ასმა ასადი სუნიტური ოჯახიდანაა, ხოლო ბაშარი შიიტური განშტოება ალავიზმის მიმდევარია. ეს მდგომარეობა - ქალთა უფლებების ხელშეწყობასთან ერთად - ასმას რეფორმატორი და პროგრესული პირველი ლედის რეპუტაციის შექმნაში დაეხმარა. მან თავისი გარეგნობითა და სტილით დასავლურ მედიას თავი შეაყვარა. ასმა მდიდრულ მიღებებს აწყობდა საზღვარგარეთ, მაღალი საზოგადოებისთვის მისაბაძი პერსონა გახდა და ისეთ ცნობილ ადამიანებს მასპინძლობდა, როგორებიც არიან ბრედ პიტი და ანჯელინა ჯოლი. მოდის „ბიბლიამ“, „ვოგმა“ მას „უდაბნოს ვარდი“ უწოდა. თუმცა, მისი რეპუტაცია მალევე დაინგრა, რადგან ასმამ მხარი დაუჭირა ქმარს, როდესაც ბაშარმა ანტისამთავრობო პროტესტი ჩაახშო. ეს პროტესტი 2011 წელს დაიწყო და 2012 წლის ივნისში სრულმასშტაბიან სამოქალაქო ომში გადაიზარდა.
ძალადობის დროს დუმილის გამო, მას მკაცრად აკრიტიკებდნენ და „მარი ანტუანეტას“ და „მთავარ მტაცებელს“ უწოდებდნენ. არაკეთილმსურველებმა ასმა იმაშიც დაადანაშაულეს, რომ უკანონოდ გამდიდრდა საქველმოქმედო ფონდ Syria Trust for Development-ის მეშვეობით, რომელშიც უცხოეთიდან შემოსული დაფინანსების დიდ ნაწილი აკუმულირდება. საინფორმაციო საიტის, Syria Report-ის ცნობით კი, მან და მისმა მეუღლემ, გაყალბების გზით, სირიის ეკონომიკის მნიშვნელოვან დარგებზე დააწესეს კონტროლი. 2020 წელს შეერთებულმა შტატებმა ასმა ასადს, მის მშობლებს და ორ ძმას სანქციები დაუწესა, ხოლო მაშინდელმა სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ პირველ ლედის „ომით გამდიდრებული ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სირიელი“ უწოდა.