„სენტ-ეტიენი“ საფრანგეთის ლიგა 2-ში სეზონს 17 იანვარს განაახლებს, მაგრამ „კლერმონთან“ მატჩში გუნდს ზურიკო დავითაშვილი ვერ დაეხმარება – ამის შესახებ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ერიკ ჰორნელანდმა განაცხადა.

ჩემპიონატის განახლებამდე „სენტ-ეტიენმა“ „ოსერთან“ ამხანაგურ მატჩში ფრედ ითამაშა (1:1) – ზურიკო დავითაშვილმა ტრავმის გამო ის შეხვედრაც გამოტოვა.

„ზურიკო დავითაშვილი 3 იანვარს „ლე მანთან“ მატჩში დაშავდა. ის და კიდევ რამდენიმე მოთამაშე „კლერმონთან“ მატჩს გამოტოვებენ“, – განაცხადა ჰორნელანდმა.

დავითაშვილის ტრანსფერთან დაკავშირებით თურქი ჟურნალისტი ეკრემ კონური ახალ ინფორმაციას ავრცელებს – ქართველი ფეხბურთელის შეძენით „მონაკო“ და „ლილი“ დაინტერესდნენ, ხოლო „ბენფიკა“ ტრანსფერის სანაცვლოდ „სენტ-ეტიენს“ რვა მილიონ ევროს სთავაზობს.

„ზურიკო დავითაშვილის მიმართ ინტერესი იზრდება. „ბენფიკამ“ „სენტ-ეტიენს“ რვა მილიონი ევრო შესთავაზა, თუმცა კლუბი ფეხბურთელის გაყიდვას არ აპირებს. ქართველი თავდამსხმელის შეძენით ასევე დაინტერესებული არიან „ბეშიქთაში“, „ლილი“, „მონაკო“ და „ევერტონი“, – ამტკიცებს თურქი ჟურნალისტი.

თურქულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია „ტრაბზონსფორის“ ინტერესის შესახებაც. ტრაბზონელთა მთავარი მწვრთნელის, ფათიჰ თეკეს განცხადებით, დავითაშვილის შეძენა სურს, მაგრამ ფრანგები მის ტრანსფერში დიდ თანხას ითხოვენ.

პირველი არხი