რადიო თავისუფლების თანახმად, აშშ-ს გლობალური მედიის სააგენტომ (USAGM) შეატყობინა, რომ აშშ-მა გამოცემას ფედერალური გრანტის შეთანხმება შეუწყვიტა.

გამოცემა RFE/RL-ის აღმასრულებელი დირექტორის, სტივენ კაპუსის განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ის აღნიშნავს, რომ გამოცემისთვის დაფინანსების შეწყვეტა ამერიკის მტრებისთვის საჩუქარი იქნება.

"რადიო თავისუფლების გრანტის შეთანხმების გაუქმება ამერიკის მტრებისთვის უზარმაზარი საჩუქარი იქნება. 75 წლის შემდეგ RFE/RL-ის საქმიანობის შეწყვეტას ირანელი აიათოლები, ჩინელი კომუნისტი ლიდერები და მოსკოვსა და მინსკში ავტოკრატები იზეიმებენ. ჩვენი მეტოქეებისთვის გამარჯვების მიცემა მათ გააძლიერებს და ამერიკას დაასუსტებს.

RFE/RL-ის ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში ძლიერი ორპარტიული მხარდაჭერით ვსარგებლობდით. ჩვენ გარეშე, დაახლოებით 50 მილიონი ადამიანს დახურულ საზოგადოებებში, რომლებიც ყოველ კვირა სწორი ამბებისა და ინფორმაციის მისაღებად ჩვენ გვეყრდნობა, ამერიკისა და მსოფლიოს შესახებ სიმართლეზე წვდომა არ ექნება". - წერია კაპუსის განცხადებაში. 

მანამდე, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აღმასრულებელი ბრძანება გამოსცა, რომლის მიხედვითაც რამდენიმე ფედერალური სააგენტოს ისეთი ფუნქციების შეწყვეტა დაევალება, რომელთა შესრულებაც წესდებით დადგენილი არ არის.

სააგენტოებისა და დეპარტამენტების ჩამონათვალი, რომლებსაც ტრამპის გადაწყვეტილება შეეხება, ასე გამოიყურება:

  • მედიაციისა და შერიგების ფედერალური სერვისი;
  • აშშ-ს სააგენტო გლობალური მედიისთვის;
  • ვუდროუ უილსონის სახელობის აკადემიკოსთა საერთაშორისო ცენტრი;
  • სამუზეუმო და საბიბლიოთეკო სამსახურების ინსტიტუტი;
  • აშშ-ს უწყებათაშორისი საბჭო უსახლკარობის შესახებ;
  • თემის განვითარების საფინანსო ინსტიტუტების ფონდი;
  • უმცირესობათა ბიზნესების განვითარების სააგენტო.

ცნობისთვის, აშშ-ს სააგენტო გლობალური მედიისთვის (U.S. Agency for Global Media) ზედამხედველობს აშშ-ს მთავრობის მიერ დაფინანსებულ ისეთ გამოცემებს, როგორებიცაა ამერიკის ხმა (Voice of America), რადიო თავისუფლება (Radio Free Europe/Radio Liberty და Radio Free Asia). 

წყარო: რადიო თავისუფლება