ჩვენ ვართ ქართველ ხალხთან, თითოეულ მათგანთან, ვინც მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეა და მოვუწოდებთ ხელისუფლებას შეწყვიტოს ეს დაშინება და ძალადობა, - ამის შესახებ ევროკომისიის საგარეო და უსაფრთხოების საკითხების სპიკერმა ანიტა ჰიპერმა ბრიუსელში, „ინტერპრესნიუსის“ სპეციალურ კორესპონდენტს განუცხადა.
ბოლო კვირების განმავლობაში საპროტესტო აქციების მონაწილეების დაჯარიმების ფაქტებზე კომენტირებისას სპიკერმა განაცხადა, რომ „საქართველოს ხელისუფლება მიმართავს დაშინების ტაქტიკასა და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების, ჟურნალისტების, სამოქალაქო საზოგადოების მიმართ, რასაც ევროკავშირი ძალიან მკაცრად გმობს“.
„რასაც ჩვენ ვხედავთ ბოლო თვეების განმავლობაში არის ის, რომ საქართველოს ხელისუფლება მიმართავს დაშინების ტაქტიკასა და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების, ჟურნალისტების, სამოქალაქო საზოგადოების მიმართ. ჩვენ ამას ძალიან მკაცრად ვგმობთ. ჩვენ ასევე მივიღეთ ზომები, რაც მოიცავს პოლიტიკურ დონეზე კონტაქტების შემცირებას, ხელისუფლებისთვის ფინანსური მხარდაჭერის გაყინვას და ამ მხარდაჭერის სამოქალაქო საზოგადოებისთვის გადამისამართებას. ჩვენ ვართ ქართველ ხალხთან, თითოეულ მათგანთან, ვინც მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეა და მოვუწოდებთ ხელისუფლებას შეწყვიტოს ეს დაშინება და ძალადობა”, - განაცხადა სპიკერმა.