უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის მოკავშირეებს მოუწოდა, იმოქმედონ ჩრდილოკორეელი ჯარისკაცების საკითხთან დაკავშირებით, ვიდრე ისინი უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებს დაიწყებენ.
„ტელეგრამზე“ გამოქვეყნებულ ვიდეოში ზელენსკიმ განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეამ პროგრესს მიაღწია სამხედრო შესაძლებლობებში, რაკეტების განთავსებასა და იარაღის წარმოებაში.
„ახლა, სამწუხაროდ, ისინი თანამედროვე ომის წარმოებას შეისწავლიან. ჩრდილოკორეელი პირველი ათასობით ჯარისკაცი უკრაინის საზღვართან იმყოფება. უკრაინელები იძულებულნი იქნებიან, მათგან თავი დაიცვან და მსოფლიო ამას კვლავ მშვიდად უყურებს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინამ დაადგინა ყველა ადგილმდებარეობა რუსეთში, სადაც ჩრდილოკორეელი ჯარისკაცები არიან განლაგებული. თუმცა, მისი თქმით, დასავლელმა მოკავშირეებმა არ მიაწოდეს შორ მანძილზე მოქმედი იარაღი, რომელიც საჭიროა დასარტყმელად.
„ამის ნაცვლად, ამერიკა, ბრიტანეთი, გერმანია უყურებს. მსოფლიოში ყველამ, ვისაც ნამდვილად სურს, რომ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ არ გაფართოვდეს, უბრალოდ არ უნდა უყუროს. მათ უნდა იმოქმედონ. სიტყვები ომის ესკალაციისა და გაფართოების დაუშვებლობის შესახებ უნდა შეესაბამებოდეს ქმედებებს“, – განაცხადა ზელენსკიმ.
წყარო: 1 არხი