მედიის ცნობით, ჩინეთმა თორიუმის უდიდესი მარაგი აღმოაჩინა, რომლის საშუალებით ქვეყანას საწვავის მიღება 60 000 წლის განმავლობაში შეუძლია.
„ენერგიის დაუსრულებელი წყარო“ ჩინეთის ავტონომიურ, შიდა მონღოლეთის რეგიონში აღმოაჩინეს. ეს მცირედით რადიაქტიური ელემენტი შეიძლება გამოყენებული იქნეს ისეთი ტიპის ატომური ელექტროსადგურის შესაქმნელად, რომელსაც ეწოდება გამდნარი მარილის რეაქტორი და უზარმაზარი ენერგიის მიწოდება შეუძლია.
მეცნიერთა შეფასებით, სამთო კომპლექსს შეუძლია ერთი მილიონი ტონა თორიუმის უზრუნველყოფა, თუ სრულად იქნა გამოყენებული. მდნარი მარილის რეაქტორები ასევე წარმოქმნიან მნიშვნელოვნად ნაკლებ ბირთვულ ნარჩენებს. თორიუმს გამოიყენებენ რამდენიმე დარგში, სადაც უმეტესწილად შეუცვლელია. ამ ლითონის პერიოდულ სისტემაში ადგილმდებარეობამ და ატომის ბირთვის სტრუქტურამ განაპირობა მისი გამოყენება მშვიდობიან ატომურ ენერგიაში. სითბური ნეიტრონის მიტაცების შემთხვევაში, თორიუმ 232-ი გარდაიქმნება ურან 233-ად. ურან-233-ს შეუძლია დაშლა, როგორც ურან-235-სა და პლუტონიუმ-239-ს, რაც ხსნის უფრო მეტ სერიოზულ პერსპექტივას ატომური ენერგეტიკის განვითარებისათვის.
ატომურ ენერგეტიკაში გამოიყენება თორიუმის კარბიდი, თორიუმის ოქსიდი და თორიუმის ფტორიდი, ურანისა და პლუტონიუმის ნაერთებთან და დამხმარე დანამატებთან. გარდა ატომური ენერგეტიკისა, თორიუმი ლითონის სახით წარმატებით გამოიყენება მეტალურგიაში. თორიუმის ოქსიდს უჟანგაობის გამო ყველაზე საპასუხისმგებლო ნაკეთობების და კონსტრუქციების დასამზადებლად გამოიყენებენ.
წყარო: 1tv.ge