იაპონიამ ფუკუშიმას ატომური სადგურიდან რადიაქტიური წყლის წყნარ ოკეანეში ჩაღვრა დაიწყო. ამის საპასუხოდ, ჩინეთმა იაპონიიდან ყველა სახის ზღვის პროდუქტის იმპორტი აკრძალა.
ჩინეთის ხელისუფლება ფუკუშიმადან დაბინძურებული წყლის ოკეანეში ჩაღვრას მკაცრად ეწინააღმდეგება და აცხადებს, რომ იაპონიის მთავრობას არ წარუდგენია მტკიცებულებები, რომ სადგურიდან ოკენაში წყლის დაცლა უსაფრთხო იქნება.
„იაპონიის მთავრობამ არ უნდა მიაყენოს მეორადი ზიანი არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ მსოფლიოს მოსახლეობას თავისი ეგოისტური ინტერესების გამო“, – ნათქვამია ჩინეთის საგარეო უწყების განცხადებაში.
იაპონიის ხელისუფლება აცხადებს, რომ ატომური სადგურიდან წყლის ჩაღვრა უსაფრთხოა. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ აღნიშნულ გეგმას „მწვანე შუქი“ ივლისში აუნთო. სულ დაგეგმილია მილიონი ტონა რადიაქტიური წყლის გადაღვრა, რომელიც ბირთვული რეაქტორების გასაგრილებლად გამოიყენებოდა.
ფუკუშიმას ატომური ელექტროსადგურიდან რადიაქტიური წყლის ოკეანეში ჩაღვრას ასევე ეწინააღმდეგებიან სამხრეთ კორეაში. ამ ნაბიჯს აპროტესტებენ იაპონელი მეთევზეებიც.
იაპონიიდან ჩინეთში ზღვის პროდუქტების ექსპორტის მოცულობამ 2022 წელს 600 მილიონ დოლარს მიაღწია.