ციფრები თავად მეტყველებენ: მესამე კვარტალში ჩინეთის ეკონომიკის ზრდა მხოლოდ 4.8% იყო, რაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ჩინეთი აღარ იმყოფება 2000-იანი წლების ტრიუმფალური ექსპანსიის ფაზაში. ზრდა, რომელიც ოდესღაც ორნიშნა ციფრებით გამოხატებოდა, ოფიციალური პროგნოზების თანახმად, 2026 წლისთვის 5-6 პროცენტის დონეზე დასტაბილურდება.
მოხმარების მთავარი ინდიკატორი - საცალო გაყიდვები - მესამე კვარტალში მხოლოდ 3%-ით გაიზარდა, ხოლო სამრეწველო წარმოება - 6.5%-ით,რაც დინამიურ სამრეწველო მიწოდებასა და სტაგნაციაში მყოფ შიდა მოთხოვნას შორის არსებული დისბალანსის ნიშანია.
სამომხმარებლო ფასები სექტემბერში კვლავ დაეცა, უძრავი ქონების კრიზისი კი, რომელიც 2020 წელს რამდენიმე მსხვილი დეველოპერის, მაგალითად, Evergrande-ის გაკოტრებით დაიწყო, შინამეურნეობების ნდობაზე ისევ აისახება. მშენებლობაში წლიური ინვესტიციები თითქმის 14%-ით შემცირდა.
ფრთხილი ჩინური შინამეურნეობები, მოხმარების ნაცვლად, დანაზოგს აკეთებენ. ახალგაზრდებს შორის უმუშევრობა 14%-ს აჭარბებს და შობადობის კოეფიციენტიც მკვეთრად ეცემა.
მე-15 ხუთწლიანმა გეგმამ სიტუაცია უნდა გამოასწოროს
ჩინეთის ეკონომიკის გასაცოცხლებლად რამდენიმე ფაქტორი მოიაზრება. პირველი, რომელიც ჩინეთის პრეზიდენტის ხედვის მთავარი ნაწილია, არის შიდა ბაზარზე ფოკუსირება. ჩინელები ბევრს ზოგავენ და ცოტას მოიხმარენ. ამიტომ, გეგმის ერთ-ერთი მიზანი მოხმარების წახალისება იქნება. ამის მისაღწევად, პეკინს სურს გააუმჯობესოს ქალაქის მოსახლეობის ცხოვრების დონე, უზრუნველყოს განათლებასა და ჯანდაცვაზე უკეთესი ხელმისაწვდომობა და შიდა ბაზარი ზრდის მთავარ მამოძრავებლად აქციოს.
გეგმის კიდევ ერთი პრიორიტეტი ინოვაციაა. ქვეყანა უკვე ხარჯავს თავისი მშპ-ს 2.6%-ს კვლევასა და განვითარებაზე, რაც ევროკავშირის დონეს უახლოვდება. პეკინი აპირებს გაამყაროს თავისი ლიდერობა ელექტრომობილების, დრონებისა და ხელოვნური ინტელექტის სფეროებში და დაძლიოს ჩამორჩენა ნახევარგამტარების სტრატეგიულ სექტორში, სადაც შეერთებულმა შტატებმა გარკვეულ საკვანძო ტექნოლოგიებზე წვდომა შეუწყვიტა.
მიზანი ნათელია: ქვეყანა უნდა გახდეს თვითკმარი და უზრუნველყოს მიწოდების ჯაჭვები, რათა დაუპირისპირდეს შეერთებულ შტატებს, რომელიც სენსიტიურ ტექნოლოგიებზე სულ უფრო მეტ შეზღუდვას აწესებს. ეს არის ომი ჩიპებისთვის, მიკროპროცესორებისა და იშვიათმიწა ლითონებისთვის, რომელიც ჩინეთსა და დასავლეთს შორის მიმდინარეობს.
სი ძინპინს სურს, აშშ-ის ბაზრებზე ნაკლებად იყოს დამოკიდებული
ჩინეთის მე-15 ხუთწლედის გეგმა, რომელიც ოფიციალურად 2026 წელს, ეროვნული სახალხო კონგრესის სესიაზე განხილვისა და დამტკიცების შემდეგ გამოქვეყნდება, ასევე მიზნად ისახავს ჩინეთის სტრატეგიული ალიანსების გადახედვას და გლობალურ სამხრეთზე მეტ ფოკუსირებას, რათა უკეთ დაუპირისპირდეს დონალდ ტრამპის ამერიკას და კონკურენტი ინდოეთი დაჩრდილოს. ის ითვალისწინებს პარტნიორობას აფრიკასთან, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და ლათინურ ამერიკასთან იმის ფონზე, როდესაც ჩინეთის ექსპორტს გეოპოლიტიკური სირთულეები ემუქრება.
ბაზრების დამშვიდება, ნდობისა და ზრდის სტიმულირება ვალის გაზრდის გარეშე, მრეწველობის მოდერნიზება და გარე დაძაბულობის შეკავება - მე-15 ხუთწლედის გეგმამ ეს ყველაფერი ერთდროულად უნდა მოაგვაროს, თანაც - პარტიის კონტროლის შესუსტების გარეშე.
წყარო: 1 არხი