ჩინეთის უმსხვილესმა ბანკებმა რუსული ფინანსური ინსტიტუტებიდან გადახდების მიღება შეწყვიტეს. საუბარია ჩინეთის ინდუსტრიულ და კომერციულ ბანკზე (ICBC), ჩინეთის სამშენებლო ბანკზე (CCB) და ჩინეთის ბანკზე.
ICBC, CCB და Bank of China ჩინეთში აქტივების მიხედვით პირველ, მეორე და მეოთხე ადგილზე არიან. ბანკებმა რუს კლიენტებს აცნობეს, რომ 2024 წლის იანვრის დასაწყისიდან შეწყვეტენ გადახდების მიღებას. აღნიშნულია, რომ ტრანზაქციები არასანქცირებულ საკრედიტო ინსტიტუტებთან გრძელდება.
რუსული ბანკის წყაროს თქმით, ICBC და CCB უარყოფენ ყველა გადასახადს, რომელიც რუსეთის სანქცირებული ფინანსური ინსტიტუტებიდან მოდის, მიუხედავად იმისა, რომელ სისტემაში გადიან ისინი - SWIFT-ში, რუსულ SPFS-ში თუ ჩინურ CIPS-ში. აღნიშნულია, რომ ჩინეთის ბანკები თავიანთ გადაწყვეტილებას საკრედიტო ინსტიტუტების შიდა პოლიტიკით ხსნიან.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ჩინეთს რუსეთის ფედერაციისა და რუსული კომპანიების წინააღმდეგ სანქციები არ დაუწესებია. მაგრამ ბევრი ჩინური კომპანია იძულებულია დაიცვას დასავლეთის ქვეყნების სანქციების პოლიტიკა, რადგან სურთ აირიდონ მეორადი სანქციები და აპირებენ ითანამშრომლონ აშშ-სთან და ევროკავშირთან.