აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ ჩინეთი რუსეთს მოუწოდებდა, უკრაინაში ბირთვული იარაღი არ გამოეყენებინა. ამის შესახებ მან გამოცემა „ფაინენშაილ თაიმსთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

ჟურნალისტმა ამერიკელ დიპლომატს ჰკითხა, თუ რამდენად სერიოზულად განიხილავდა აშშ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ბირთვულ მუქარებს. საპასუხოდ, ბლინკენმა აღნიშნა, რომ აშშ ძალიან შეშფოთებული იყო, რადგან, როგორც ჩანდა, პუტინი, სულ მცირე, განიხილავდა ბირთვულ ვარიანტს.

„ალბათობა 5-დან 15 პროცენტამდეც რომ ყოფილიყო, როდესაც საქმე ბირთვულ იარაღს ეხება, არაფერია ამაზე უფრო სერიოზული. ჩვენ გვაქვს მიზეზი, მივიჩნიოთ, რომ ჩინეთი დაუკავშირდა რუსეთს და უთხრა: „არ გააკეთოთ ეს“, – აღნიშნა სახელმწიფო მდივანმა.

ენტონი ბლინკენის განცხადებით, მსგავსს დინამიკას ადგილი ჰქონდა, როდესაც აშშ-მა აცნობა ჩინეთს, რომ პუტინი კოსმოსში ბირთვული იარაღის გაშვებას გეგმავდა.

ამავე ინტერვიუში ენტონი ბლინკენმა ისაუბრა ჩინური კომპანიების მიერ რუსეთთან ორმაგი დანიშნულების პროდუქციით ვაჭრობასა და რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლის ხელშეწყობისთვის ჩინური კომპანიების წინააღმდეგ დაწესებულ შემზღუდავ ზომებზე.

„ვფიქრობ, ეს ჩინეთს სულ უფრო რთულ მდგომარეობაში აყენებს. მათ ნამდვილად არ მოსწონთ ჩვენ მიერ ჩინური ორგანიზაციების წინააღმდეგ მიღებული ზომები. ჩემი წარმოდგენით, საჭიროება მეტი იქნება, მათ შორის, მომავალ კვირებში“, – აღნიშნა ბლინკენმა.

წყარო: 1 არხი