ჩინეთი, უზბეკეთი და ყირგიზეთი ჩინეთ-ევროპის მარშრუტზე სარკინიგზო დერეფნის აშენებას, რუსეთის გვერდის ავლით, გეგმავენ. შესაბამის სამმხრივ დოკუმენტს ჩინეთში გამართულ ცენტრალური აზია-ჩინეთის ბოლო სამიტზე მოეწერა ხელი. ამის შესახებ Eurasianet-ი წერს.

პირველი შეთანხმებები ამ სარკინიგზო ხაზის მშენებლობაზე ჯერ კიდევ 2022 წლის სექტემბერში, უზბეკეთში გამართული შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში გაფორმდა. ახალი დოკუმენტი განსაზღვრავს პროექტის განხორციელების შემდგომ კონკრეტულ ნაბიჯებს - დეტალური პროექტის შემუშავებას, დაფინანსების მოდელის განსაზღვრას და ა.შ.

რკინიგზა ტორუგარტის უღელტეხილზე დაიწყება, სადაც უკვე არსებობს სარკინიგზო ხაზი. მატარებელი ჩინეთიდან ჩრდილოეთით გაივლის არპასა და მაკმალის დასახლებებს ჯალალ-აბადამდე, სადაც უზბეკეთის სარკინიგზო ქსელს დაუკავშირდება.

პორტალი წერს, რომ მაკმალში მდებარეობს ოქროს მაღარო, რომელსაც მართავს ერთობლივი ჩინეთ-ყირგიზული კომპანია, რომლის უმეტესი ნაწილი ჩინელებს ეკუთვნის. სწორედ ამ ადგილზე უნდა შეიცვალოს რკინიგზის ლიანდაგი ჩინეთსა და ევროპაში გამოყენებული სტანდარტიდან (1,435 მ) ყოფილ საბჭოთა კავშირში გამოყენებულ სტანდარტზე (1,520 მ).

280 კილომეტრიანი გზის ღირებულება 4,1 მლრდ დოლარი იქნება, რომელიც მოზიდული იქნება პირდაპირი ინვესტიციების ან საჯარო და კერძო პარტნიორობის გზით, განაცხადა ყირგიზეთის ტრანსპორტის მინისტრმა ერკინბეკ ოსოევმა.

ახალი სარკინიგზო მაგისტრალი გაივლის რთულ მთიან ადგილებში, რაც მოითხოვს მრავალი გვირაბის შექმნას, რომელთა რაოდენობა შეიძლება ასამდე იყოს.

Economist-ის ცნობით, ჩინეთს ახალ ხაზზე 160 კილომეტრიანი მისასვლელი გზების აშენება დასჭირდება. თუ ახალი გზის პროექტი განხორციელდა, ის შეიძლება გაგრძელდეს უფრო სამხრეთით, თურქმენეთისა და ირანის გავლით თურქეთამდე, ევროპაში მისასვლელად.

Economist-ის თქმით, ეს ჩინეთიდან თურქეთამდე მგზავრობის მანძილს 900 კილომეტრით, დროს კი რვა დღით შეამცირებს.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ჩინეთში გაიმართა ცენტრალური აზია-ჩინეთის სამიტი, რომელზეც გამოცხადდა პეკინსა და რეგიონის ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელოვნად გაძლიერების გეგმები. პრაქტიკულად, ჩინეთმა გამოაცხადა თავისი განზრახვა დაემორჩილებინა ცენტრალური აზია, რომელიც ადრე რუსეთის სამკვიდროდ ითვლებოდა.