ჭარბწონიან ადამიანებს 70%-ით მომატებული აქვთ საავადმყოფოში მოხვედრის ან ინფექციური დაავადებით სიკვდილის რისკი. მსოფლიოში ინფექციასთან დაკავშირებული სიკვდილის დაახლოებით 10-დან ერთი შემთხვევა შესაძლოა წონის პრობლემებს უკავშირდებოდეს – განაცხადეს მეცნიერებმა.
კვლევა სამეცნიერო ჟურნალ „ლანცეტში“(The Lancet) გამოქვეყნდა.
სპეციალისტებმა დასკვნები 500 000-ზე მეტი ადამიანის მონაცემების ანალიზის საფუძველზე გამოიტანეს. კვლევა ფინეთში 67 000 ზრდასრული ადამიანისა და დიდი ბრიტანეთის ბიობანკის 470 000 მოქალაქის ინფორმაციას ეფუძნებოდა. მონაწილეებს საშუალოდ 13-14 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ. სიმსუქნე განისაზღვრა, როგორც სხეულის მასის ინდექსი (BMI) 30 ან მეტი.
შედეგები აჩვენებს, რომ სხეულის ჭარბი წონა ზრდის მძიმე დაავადების ან ლეტალური დასასრულის რისკს გრიპის, პნევმონიის, გასტროენტერიტის, საშარდე გზების ინფექციის, COVID-19-ის და სხვა დაავადებების დროს. ამასთან, რისკი იზრდება სხეულის წონის მატებასთან ერთად.
მკვლევრები ვარაუდობენ, რომ მსოფლიოში ყოველწლიურად ინფექციით გამოწვეული 5.4 მილიონი სიკვდილიდან 600 000 შესაძლოა ჭარბწონიანობით იყოს გამოწვეული. ეს მთლიანი რაოდენობის დაახლოებით 11%-ს შეადგენს.
მეცნიერები მიიჩნევენ, რომ რისკის შესამცირებლად საჭიროა ისეთი პოლიტიკა, რომელიც ხელს შეუწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესს და სასარგებლო საკვებზე წვდომას.
ისინი ასევე ხაზს უსვამენ, რომ დროული ვაქცინაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჭარბწონიანი ადამიანებისთვის, რადგან დაავადება ასუსტებს იმუნურ დაცვას, რაც უფრო სერიოზულ შედეგებს იწვევს.
ჭარბწონიანობასთან დაკავშირებული ინფექციების შედეგად გარდაცვლილთა წილი ქვეყნებს შორის განსხვავდება. დიდ ბრიტანეთში ეს მაჩვენებელი დაახლოებით ერთი მეექვსედი იყო, აშშ-ში კი - ერთი მეოთხედი. ყველაზე დაბალი დონე ვიეტნამში დაფიქსირდა — 1.2%.