ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკომ ხელი მოაწერა ბრძანებულებას #1-ს, რომლითაც 2026 წელი ბელარუსი ქალის წლად გამოცხადდა. ინფორმაცია პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე ვრცელდება.

“დოკუმენტი მშრომელი-ქალის ეროვნული იმიჯის ჩამოყალიბებისა და საზოგადოების შენარჩუნება-განვითარებაში ქალების როლის ხელშეწყობის მიზნით იქნა მიღებული,” - წერია განცხადებაში.

მთავრობას, საოლქო აღმასრულებელი კომიტეტებისა და მინსკის საქალაქო აღმასრულებელი კომიტეტის მონაწილეობით, დაევალა, შეიმუშაოს და დაამტკიცოს ბელარუსი ქალის 2026 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმა. მთავრობა, ასევე, ამ გეგმის განხორციელებაში სახელმწიფო ორგანოებისა და სხვა ორგანიზაციების საქმიანობას კოორდინაციას გაუწევს.

ბრძანებულება მისი ოფიციალური გამოქვეყნებისთანავე შედის ძალაში.

საახალწლო მიმართვაში ლუკაშენკომ ეს გადაწყვეტილება საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალების განსაკუთრებული როლით ახსნა.

„ჩვენ წელიწადში ერთ დღეს პატივს ვცემთ ჩვენს დედებს, ცოლებსა და ქალიშვილებს. დადგა დრო, ვაღიაროთ მათი განსაკუთრებული როლი ჩვენს ცხოვრებაში,“ - განაცხადა ლუკაშენკომ.

მან დასძინა, რომ „ბუნებაში ქალზე უფრო სრულყოფილი არაფერია შექმნილი“ და მოქალაქეებს ქალების, მიწისა და ოჯახის დაცვისკენ მოუწოდა.

ცნობისთვის: 2025 წელი ბელარუსში ქვეყნის კეთილმოწყობის წლად, ხოლო მიმდინარე ხუთწლიანი პერიოდი ხარისხის ხუთწლედად გამოცხადდა.

www.bpn.ge