ჩინური ბანკები, რომლებიც აგრძელებენ რუსეთთან თანამშრომლობას და იუანებით ვაჭრობის მთავარი მოთამაშეები არიან, მოსკოვის ბირჟას აშშ-ს სანქციების შემდეგ ტოვებენ, - ამის შესახებ რუსული მედია წერს.

ბოლო 2 კვირის განმავლობაში მოსკოვის ბირჟაზე იუანში ტრანზაქციების რაოდენობა 1,89 მილიონ რუბლამდე, 14%-ით შემცირდა, რაც მინიმალური მაჩვენებელია 2023 წლის თებერვლიდან. ეს საფონდო ბირჟაზე კერძო ინვესტორების აქტიურობასა და ორგანიზებული ბაზრიდან მსხვილი მოთამაშეების (როგორც იმპორტიორები, ასევე ექსპორტიორები) წასვლაზე მიუთითებს.

გაიზარდა იუანის არასაბირჟო ბაზრის ბრუნვა და ივნისში, წინა თვესთან შედარებით, 27%-ით მეტი, 1,98 ტრლნ რუბლის ($22,6 მლრდ) გარიგებები დაიდო. ასევე, შიდა დღიურმა ბრუნვამ დღეში 200 მლრდ რუბლს (2,3 მლრდ დოლარს) გადააჭარბა, რაც 2022 წლიდან მოყოლებული რეკორდული მაჩვენებელია.

დოლარსა და ევროში სავალუტო ვაჭრობის შეწყვეტის გამო, ასევე ბაზარზე გაზრდილი არაპროგნოზირებადი გარემოს გამო, სპეკულაციურად განწყობილმა კერძო ინვესტორებმა უფრო აქტიურად დაიწყეს ტრანზაქციების განხორციელება ჩინურ ვალუტასთან. ივნისის ბოლო 2 კვირაში იუანში დღეში საშუალოდ 90 ათასზე მეტი ტრანზაქცია განხორციელდა, რაც მაისის მაჩვენებელზე 76%-ით მეტია.

რუსული „კომერსანტის“ ვარაუდით, იუანით ვაჭრობა მოსკოვის ბირჟაზე შესაძლოა, მთლიანად არასაბირჟო ბაზარზე გადავიდეს.