The Moscow Times-ის ცნობით, 2025 წლის 12 დღეში რუსული ავიახაზების თვითმფრინავების ოთხი ავარიული დაშვება დაფიქსირდა. ბოლო ასეთი შემთხვევა 11 იანვარს მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში მოხდა, როცა ავარიულად დაეშვა ავიაკომპანია UTair-ის თვითმფრინავი, რომელიც რეისს მოსკოვიდან დუბაის მიმართულებით ასრულებდა. Flightradar24-ის ცნობით, თვითმფრინავმა ფრანის მიმართულება ბაქოს რაიონში შეცვალა და უკან მოსკოვში დაბრუნდა. ავიაკომპანიის მენეჯმენტის განმარტებით, თვითმფრინავის ავარიულად დაშვების მიზეზი  „ჰიდრავლიკური სითხის დონის ცვლილება“ გახდა. 

მანამდე, 7 იანვარს, UTair-ის Boeing 737 გახდა იძულებული გაუმართაობის გამო ვნუკოვოს აეროპორტში დაშვებულიყო. სრულდებოდა სანკტ პეტერბურგი-სამარყანდის რეისი. 4 იანვარს კი ფრენების დროს ორ რუსულ თვითმფრინავს შეექმნა ტექნიკური პრობლემები.

ცნობისთვის,2022 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, დასავლეთის ქვეყნებმა სანქციები დაუწესეს რუსეთის ფედერაციას, რამაც მნიშვნელოვნად იმოქმედა რუსეთის საავიაციო ინდუსტრიაზე.

2024 წლის ბოლოსთვის რუსეთში საავიაციო ავარიების რაოდენობამ ანტირეკორდს მიაღწია: 11 თვეში დაფიქსირდა 208 საავიაციო ავარია, რაც 30%-ით მეტია 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

2021 წლის ბოლოსთვის უცხოური თვითმფრინავები შეადგენდნენ რუსეთის სამგზავრო თვითმფრინავის (801) ფლოტის 70%-ს, რომელთა შორის 298 Airbus-ია, 236 - Boeing, 23 კი Embraers და სხვ. ამასთან, რუსული ავიაკომპანიების ფრენების 95% ხორციელდებოდა უცხოური (არარუსული) წარმოების თვითმფრინავებით. შესაბამისად, სანქციებმა, რომლებიც მიზნად ისახავს უცხოური თვითმფრინავების სათადარიგო ნაწილებზე წვდომის შეზღუდვას, გამოიწვია მრავალი შეფერხება (მათ შორის გაიზარდა ტარიფები უფრო მაღალი სარემონტო ხარჯების დასაფარად). პერიოდულად ვრცელდება ინფორმაცია, რომ მოქმედი 53 რუსული ავიაკომპანიიდან რომელიღაცამ შეაჩერა ამა თუ იმ უცხოური წარმოების თვითმფრინავების ექსპლუატაცია, რაც, რუსეთისთვის დაწესებული ეკონომიკური სანქციების გამო, სათადარიგო ნაწილებით მომარაგების სფეროში შექმნილ მძიმე ვითარებაზე მეტყველებს.ანქციების შემოღებამდეც კი, რუსეთი ბოლო ოცი წლის განმავლობაში ავიაკატასტროფებში დაღუპულთა რაოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილზე იყო და დიდი სხვაობით უსწრებდა ამ სიის სხვა ლიდერებს. 2000 წლიდან მოყოლებული რუსეთში ავიაკატასტროფების შედეგად სულ მცირე 1712 ადამიანი დაიღუპა. რუსეთში ავიამგზავრების სიკვდილიანობის მაჩვენებელი 18-ჯერ მეტია, ვიდრე შეერთებულ შტატებში, ანუ რუსეთის მოქალაქის ავიაკატასტროფაში დაღუპვის ალბათობა 18-ჯერ მეტია, ვიდრე ამერიკელისა.